"თეთრი ძროხებისა და წითელი ხარების" ომი ქართულ პოლიტიკაში - ჯორჯ ორუელის სტილში - ადამიანობიდან ცხოველობამდე და პირიქით!
"თეთრი ძროხებისა და წითელი ხარების" ომი ქართულ პოლიტიკაში - ჯორჯ ორუელის სტილში - ადამიანობიდან ცხოველობამდე და პირიქით!

A+ A-

19:05 11/06/2020

ორი დღეა დეპუტატებს, ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის „თეთრი ძროხებისა და წითელი ხარების“ ომია ატეხილი.  ოპოზიცია -ხელისუფლების ორთაბრძოლა „გოიმობის“ არეალიდან გამოვიდა  და  „ცხოველების ფერმაში“ გადაინაცვლა. ადვილი წარმოსადგენია, წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის შემდეგ, რა სიმძიმისა და რა ხარისხის ზეინტელექტუალურ შერკინებებს  ვიხილავთ მათ შორის.ამომრჩევლები, თუ ასე გაგრძელდა.  

„კობახიძეზე სასარგებლო, ძროხაა“, -  დაახლოებით ამას ამტკიცებს . პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლის მისამართითაც, როგორც ოპოზიციონერის,  უწყინარი და მეწველი ცხოველის სახელი დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ გამოიყენა პირველად.

აქვე უნდა ითქვას, რომ კობახიძემ ქართულ პოლიტიკაში ტერმინი „ძროხის“  შემოტანით, ოპოზიციისთვის ზედმეტსახელის შერქმევის თავისივე რეკორდი მოხსნა, მას შემდეგ, რაც „ლეიბორისტების ოფისში“ შეკრებილი ოპოზიცია გოიმებად, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია N1 გოიმად მოიხსენია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დეპუტატმა ბესელიამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნის შესაძლებლობა ირაკლი კობახიძისთვის „ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებო“.

კობახიძემ ბესელიას პასუხი დაუბრუნა და განაცხადა, ოპოზიცია გოიმი და  ხარი კი არა -ძროხააო.  დღეს უკვე ამ დავაში პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც ჩაერია და ბრძნულად ახსნა ძროხისა და ხარის მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკასა და მეცხოველეობაში..

ვოლსკი კობახიძეს გამოექომაგა და აღნიშნა, რომ ძროხა ცუდის გამომხატველი სიტყვა არ არის და სიძულვილის ენას არ წარმოადგენს.

„ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. მე ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. ეს არ არის სიძულვილის ენა. შეიძლება რაღაც ირონიულია, შეიძლება ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ აქ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანუ ვოლსკის ამ კომენტარიდან ამომრჩევლებს შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ  “ძროხა ოპოზიციონერი” უფრო საშიში და აგრესიულია, ვიდრე  “ხარი ხელისუფალი “დიდი სიბრძნეა”  თანაპარტიელის, წესით - უხერხული სიტუაციიდან დასაძვრეად, ვერაფერს ვიტყვით იგივე ამომრჩევლები.

თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. კობახიძის ამ ბოლო დროს სლენგურ-ქუჩურ-ცხოველური ტერმინებით გააქტიურებას ბესელია კიდევ ერთ საინტერესო ფაქტორს უკავშირებს.

ოპოზიციაში გადაბარგებულ ეკა ბესელიას თუ დავუჯერებთ, შინაური ცხოველების თემაზე წაკინკლავება პირდაპირ კავშირშია თავად მმართველ ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც მოსწონს „გავრილოვის ღამის“ გამო, ჩამოლაბორანტებული და გაწიწმატებული პარლამენტის ექსთავმჯდომარის, ირაკლი  კობახიძის ფრაზეოლოგია ოპოზიციასთან მიმართებაში.

"რომ არ მოსწონდეს ძალიან მარტივად გააჩუმებდა, როგორც ახერხებდა, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ძალიან იოლად აჩუმებდა ერთსაც და მეორესაც. როგორც ჩანს, მოსწონს",- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამგვარ განცხადებებს უმრავლესობის წევრები აკეთებენ  იმიტომ, რომ  2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაში  მოხვდენენ.

"მიკვირს რას ერჩის იმ ცხოველს, ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, მისი ავტორი. ეს ისე... მე არ მინდა, რომ შევყვე არც მას და არც რომელიმე სხვას. ეს იქნება კობახიძე ან ოხანაშვილი, რომელსაც უმტყუნა ბოლო პერიოდში ნერვებმა.

ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა, როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და არ გყოფნის ლექსიკონში შესაბამისის სიტყვებით გამოხატო შენი ემოცია - ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პილიტიკოსად წარმოგაჩენს, რომ ამაში შეყოლა არ ღირს,მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, მოდი, დარჩენენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მე მგონი, ამას ალბათ, ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს?! ერთადერთი ახსნა მაქვს, ახლა, ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს, ვინც უფრო უზრდელად,უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ,იმიტომ, რომ ელოდებიან საარჩევნო სიას, ერთამენთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება ამ სიაში", - განაცხადა ბესელიამ.

ასეთია „თეთრი ძროხებისა და  წითელი ხარების“ ომი საქართვე;ლოს პარლამენტში, მაგრამ საკითხავი აქ ისაა, ჩვენ, ამომრჩჩევლებს რა გვეშველება,  რა, თუ ივანიშვილმა საარჩევნო სიის დაკომპლექტება მართლა იმ ნიშნით გადაწყვიტა, რომელი „ოცნებელი“ უფრო კარგად ილანძღება ოპოზიციის მისამართით?

ჩანს, ჩვენს პოლიტიკოსებს აღარ ახსოვთ, რომ „ნამდვილად არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი და ყველა ცხოველი თანასწორია“ - ჯორჯ ორუელის იმ უკვდავი ნაწარმოების გმირების ეს მეექვსე და მეშვიდე მცნებები იდეაში სწორია, ოღონდ იგივე საფრთხე აქვს  პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, რაც საბჭოეთში ჰქონდა- ცხოველების გაადამიანებისა და ადამიანების გაცხოველების...

არადა არც ერთნი არიან  იორკები და არც მეორენი - ლანკასტერები, ძროხებისა და ხარების ომიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ, ორივე „ბედკრული საქართველოს შვილები არიან“ და ამ საქართველოს აზიანებენ ზღვარგადასული შერკინებით!

P.S. ნუ დაარქმევთ ამ მასალას სტატიას ან ნიუსს, უბრალოდ, შეფიქრიანებული მოქალაქე რედაქტორის ჩანაწერი უწოდეთ.

რუსა მუმლაძე