უგულავა - ფოთში, ბაქრაძე - ისანში, ხოშტარია - ვაკეში.... სად მიდის და რას აპირებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია?
უგულავა - ფოთში, ბაქრაძე - ისანში, ხოშტარია - ვაკეში.... სად მიდის და რას აპირებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია?

A+ A-

15:27 10/06/2020

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ფოთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, დავით ბაქრაძე - ისანს უმიზნებს,  ელენე ხოშტარია - ვაკეს, სერგი კაპანაძე და აკაკი ბობოხიძე - იმერეთს,  გიორგი ღვინიაშვილი - კახეთს,  გიგა ბოკერია - პრემიერობას.

მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყარი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელიც ასევე ლიდერი პოლიტიკური ორგანიზაციაა ოპოზიციურ ფრონტზე, ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, რომელ მაჟორიტარულ ოლქებს შეუტევს. თუმცა, რამდენიმე ლიდერი მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიაში უკვე გამოკვეთილია.

 

ამავდროულად, „2020NEWS“-ის ინფორმაციით, არცთუ უსაფუძვლოა ხმები იმის თაობაზე, რომ პარტია საპრემიერო კანდიდატად პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას განიხილავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ლეიბორისტების ოფისში ოპოზიცია იკრიბება და დღესვე უკვე არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონის მაჟორიტარებზეც ჩამოყალიბდებიან ნაწილობრივ მაინც.

„ევროპული“ ბრძოლა სამეგრელო-იმერეთისთვის

სულ ახლახანს, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შტურმის წყალობით, ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა პარტიაში ფოთის მაჟორიტარად მოიაზრება.  უგულავამ თავად გააკეთა განცხადება, რომ თბილისში კენჭს არ იყრის. შესაძლოა, ამის მიზეზი, დედაქალაქის ბიუჯეტის „გაფლანგვისთვის“ „ოცნების“ პროკურატურისგან წაყენებული ის მრავალმინიონიანი ბრალდებაა, რომლის გამოც, თბილისის ყოფილი მერი ციხეში ორჯერ შეაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“.

 

ასეა თუ ისე, უგულავა რეგიონში მიდის საბრძოლველად და მიზანში ფოთი აქვს ამოღებული, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი შესაძლოა, ვანშიც დაბრუნდეს კანდიდატად.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2018 წლის აპრილში,  ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, უგულავამ უკვე სცადა ბედი მაჟორიტარობის  კანდიდატად,  თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან  დამარცხდა. 

 

ზოგადად, ამ ოლქს საინტერესო ისტორია აქვს, რადგან იქ შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუსის მაშინდელი უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გახდა.

მას შემდეგ, რაც ბევრმა „საარჩევნო წყალმა“  ჩაიარა და ლილუაშვილი უკვე  თავად გახდა სუსის უფროსი, ნაკლებად სავარაუდოა, თავისი საარჩევნო ოლქი 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციას უკვე ამ მაღალი თანამდებობიდან დაუთმოს. მით უმეტეს, თუ ის ამ არჩევნებისთვის, როგორც სააგენტოს წყარო იუწყება, პირდაპირ პრემიერის პოსტს დაიკავებს და ამ ეტაპზე მმართველი ოლიგარქის კარზე, პრემიერობის კანდიდატთა მარათონში დაწინაურებულ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს კვლავ უკან დაახევინებს.

ასე რომ, თუ უგულავა კვლავ ხონი-ვანის ოლქს დაუბრუნდება, ძნელი სავარაუდოა, შედეგი დადოს. ამ ოლქში ლილუაშვილს აქვს „წითელი ანთებული“ ოპოზიციისთვის. თანაც ამ ოლქს რამდენიმე რაიონი კიდევ დაემატება ახალი კანონმდებლობის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო მმართველმა ძალამ, რის შედეგადაც, სამაჟორიტარო ოლქები 72-დან 30-მდე უნდა დავიდეს და შესაბამისად, გამსხვილდეს.

სუსის უფროსის პატრონაჟის ქვეშ მყოფი და ერთ ოლქში გაერთიანებული სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დაპყრობა ოპოზიციისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბებული არაა, ზუსტად სად და რომელ კანდიდატს გაუშვებს საბრძოლველად. ამავე ოლქში პარტია პოლიტსაბჭოს წევრსა და პარლამენტარს, აკაკი ბობოხიძესაც  განიხილავს.

წარმოშობით ხონელმა ბობოხიძემ წარსულში არაერთხელ იბრძოლა ხონის მაჟორიტარობისთვის და მოიგო კიდეც. თუმცა რამდენად შეერკინება ბევრ მუნიციპალიტეტიან ოლქს, რომელშიც სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებიც შევლენ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ეს უახლოეს დღეებში დადგინდება და ისიც გაირკვევა, სად წავა უგულავა, სად - ბობოხიძე.

ბრძოლა ამ ოლქისთვის მარტივი არ იქნება, რადგან წყალტუბოზე პოლიტ-ეკონომიკური „თათი“ უკვე დადებული აქვს თავად მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერმა გიორგი გახარიამ არაერთხელ განაცხადა, რომ წყალტუბო  - ივანიშვილის ფულით,  საქართველოს „საკურორტო ბრილიანტი გახდება“.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ამ პარტიაში მაჟორიტარობის კანდიდატად იმერეთში განიხილება, წარმოშობით ჭიათურელი სერგი კაპანაძეა.

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში მისი კანდიდატურის დაყენება დამოკიდებული იქნება იმაზე, ამ რეგიონს აითვისებს თუ არა „ლელო საქართველოსთვის“. ამ საკითხის „მოკვლევა“ ოპოზიციაში უკვე მიმდინარეობს.

სად სად და ამ ოლქში ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი ძლიერი ოპოზიციური კანდიდატის მოძებნა, რადგან  საარჩევნო ოლქის სამი მუნიციპალიტეტიდან ერთი - საჩხერე - ოპოზიციისთვის ისედაც დაკარგულია. ამ მუნიციპალიტეტის ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავა, მმართველი პარტიის ლიდერის,  ბიძინა ივანიშვილისდა გამო.

ბრძოლა  თბილისისთვის

იმერეთიდან დავუბრუნდეთ თბილისში, რადგან შემდეგი „ევროპული მარშრუტი“ კახეთისკენ გვექნება. მომდევნო კანდიდატი, რომელიც „ევროპული საქართველოდან“ უკვე თბილისისთვის იბრძოლებს -  პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა.

ჩვენი ინფორმაციით, ბაქრაძის განმწესება მაჟორიტარად პარტიას ისნის ოლქში აქვს გადაწყვეტილი. ამ საკითხზეც ოპოზიციური მსჯელობა დღეს, „ლეიბორისტების“ პარტიის ოფისშიც მოხდება.

თავად ბაქრაძემ სატელევიზიო ეთერში უკვე განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ სამგორის რაიონში უნდოდა კანდიდატურის დაყენება, მაგრამ რადგან გლდანსა და სამგორზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა პრეტენზია, ისინი, ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებისთვის, სამგორზე თავის პრეტენზიას ხსნიან. თუმცა, ეს წინასწარ გაცხადებული ჰქონდათ „ლეიბორისტების“ ოფისში, ოპოზიციურ შეკრებებზე.

არ გამოდის სამგორი და სამაგიეროდ, გამოვა ისანი, თანაც ამ ოლქში ბაქრაძეზე ცნობადი სახე, ნაკლებად სავარაუდოა, ოპოზიციის სხვა ნაწილმა მოძებნოს.  თანაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებში ლიდერ პოლიტიკოსს, დავით ბაქრაძეს, ასევე ნაკლებად სავარაუდოა,  თვით მამუკა ხაზარაძის „ლელომაც“ კი დაუქსაქსოს, თავისი კანდიდატით ოპოზიციური ხმები.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარობისთვის თბილისში იბრძოლებს ამ პარტიის ქალი ლიდერია.

ელენე ხოშტარია ვაკის საარჩევნო ოლქს უმიზნებს, თუმცა ესეც ბოლომდე არაა გადაწყვეტილი. ვაკეში შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიას - „ლელო საქართველოსთვის“ ჰქონდეს ბრძოლის ამბიცია და იქ პარტიის ლიდერებიდან ერთ-ერთი - მამუკა ხაზარაძე ან ბადრი ჯაფარიძე წავიდეს მაჟრიტარობის კანდიდატად.

თუ ეს ასე მოხდება,  მაშინ ორივე პარტიას შეთანხმება მოუწევს,  რადგან ხოშტარია -ხაზარაძის ან ხოშტარია-ჯაფარიძის დუელი ვაკეში ოპოზიციის უეჭველი დამარცხების წინაპირობა იქნება.

ალბათ, ეს საკითხიც, დღეს ლეიბორისტების ოფისის ეზოში გავა ოპოზიციურ განხილვაზე.

„ევროპული მარშრუტი“  კახეთისკენ

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელზეც პარტიაში მიდის საუბარი - კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. ღვინიაშვილი იყო თბილისის პროკურორიც და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი 2008 – 2012 წლებში. 

სწორედ მისი გუბერნატორობის დროს მოხდა საზარელი ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში.  როგორც მაშინ მედია წერდა, 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელ ოთახში დედამ ვერ იპოვა. სოფელმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე, ტონანახევრიან ქვევრში იპოვა. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა.

გარდაცვლილი გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, მაშინ ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მექერიშვილი აცხადებდა, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერები შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ.

ჩვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, არჩევნები იყო და მაშინ  "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა 10 თვის გოგონას გარდაცვალების ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა.

გავიდა  8 წელი. რაფალიანცის საქმე გამოძიებული არაა, რის გამოც, ყოფილი „ნაციონალი“ და ამჟამად უკვე „ევროპული საქართველოს“  წევრი ღვინიაშვილი „ქართულ ოცნებას“ დიდი სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და რევანშის სურვილითაც არის შეპყრობილი.

სიმართლე ვის მხარესაა -  მოქმედი მმართველების თუ მაშინდელების,  წესით, ეს გამოძიებას უნდა დაედგინა, მაგრამ „ოცნების“ პროკურატურა და ხელისუფლება 10 თვის ბარბარეს გარდაცვალების ფაქტზე, 2012  წლისგან განსხვავებით, ახლა დუმილს ინარჩუნებენ.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ყოფილმა გუბერნატორმა და გურჯაანის ერთხელ უკვე მაჟორიტარობის კანდიდატმა  კახეთის ისევ ამ ოლქში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები იბრძოლოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. 

თანაც, ჩვენი ინფორმაციით, თუ  „ნაციონალურ მოძრაობას“ თელავის ოლქში ბრძოლისუნარიანი კანდიდატი ჰყავს - გიორგი  ბოტკოველის სახით,  გურჯაანის ოლქში არც ისინი არიან ჩამოყალიბებული კანდიდატზე. შესაძლოა, ამ ორ პარტიას შორის ღვინიაშვილის კანდიდატურაზე  შეთანხმება მოხდეს კიდეც.

ისიც უნდა აღინიშნოს, რამდენადაც თელავი ოპოზიციური ოლქია და ის საპრეზიდენტო არჩევნებში  „გაერთიანებული ოპოზიციის“  „ნაციონალმა“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო,  გურჯაანი მსახიობ გივი ბერიკაშვილის მშობლიური მხარეა, იქ მისი შვილი მანანა ბერიკაშვილი მაჟორიტარად უკვე აირჩიეს და მოსახლეობაშიც ბევრად უფრო პროსახელისუფლებო განწყობებია. ასე რომ, თუ ღვინიაშვილის კანდიდატობა გადაწყდება, მარტივი ბრძოლა მას ნამდვილად არ ელის და „ოცნება“  ამ ოლქს ოპოზიციას ადვილად არ დაუთმობს.

მით უმეტეს,  ამ ოლქში და ზოგადად კახეთის მხარეში „მთავარი დამრტყმელი ძალა“ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის,  კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი  უფროსის,  თამაზ თამაზაშვილის კლასტერია.  ეს კლასტერი ღარიბაშვილის მინისტრად მობრუნების შემდეგ, კახეთში გავლენების თვალსაზრისით კვლავ ზენიტშია, ბოლოს და ბოლოს, თვით ივანიშვილთან შერიგდ-დალაგდნენ.

აქედან გამომდინარე, გურჯაანის კი არა, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოპოზიციისთვის ჩაბარება პოლიციის გენერალ თამაზაშვილისთვის „მუნდირის ღირსების“  შებღალვის ამბავი იქნება. 

გარდა ამისა, ამ ოლქთან დაკავშირებით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გურჯაანის ოლქში შედის საგარეჯო, რომელიც თავის დროზე „პატრიოტთა“ ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა 2016  წლის საპარლამენტო არჩევნებში  „წარმოშობით“ „რესპუბლიკელთან“ და მაშინდელ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, თამარ ხიდაშელთან წააგო.

თუმცა ინაშვილი თავს დღემდე არ ცნობს წაგებულად და საგარეჯოს რევანშის სურვილი არ განელებია.

ასე რომ, შესაძლოა, ისიც კვლავ ვიხილოთ „პატრიოტებიდან“ ამ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. რა გარიგება მოხდება და ვის გაუღიმებს ივანიშვილი და პოლიტიკური ფორტუნა, სად სად და ამ ოლქში ნამდვილად უცნობია.

თანაც შესაძლოა,  „ლეიბორისტული ეზოს“ ოპოზიციამ  მისი მოგებისთვის დიდი ძალისხმევა არც დახარჯოს და გათვლა არც გააკეთოს.

ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ოლქზე პრეტენზიას განაცხადებს  „ლელოს“ ის ნაწილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განშტოებაა.

გარდა იმისა, რომ თავად უსუფაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონიდანაა, საგარეჯო 2012 წელს, მის მეუღლეს თინა ხიდაშელს უკვე მოგებული აქვს, შემდეგ  - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ ეგიდით, თამარ ხიდაშელმაც მოიგო საგარეჯოს ოლქი.

ახლაც ხაზარაძის პარტიაში ამ გაერთიანებულ ოლქში კანდიდატად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და უსუფაშვილის კანდიდატი გიორგი კანაშვილი მოიაზრება.

ასეთია, „ევროპული საქართველოს“ ევროპული მარშრუტის მონახაზები 2020 წლის გასუსული არჩევნებისთვის. ვნახოთ, რა გადაწყდება და რომელ ოლქებს შეუტევენ ბაქრაძის თანაპარტიელები.

რუსა მუმლაძე