მამაკაცი, რომელსაც კოვიდინფექცია აქვს და საკარანტინე ზონიდან შეცდომით გაწერეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს
მამაკაცი, რომელსაც კოვიდინფექცია აქვს და საკარანტინე ზონიდან შეცდომით გაწერეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს

A+ A-

14:09 03/06/2020

მედიკოსებმა, შეცდომით გაწერეს პაციენტი, რომელსაც ნინოწმინდაში ოჯახის წევრების გარდა, კიდევ 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

მამაკაცი, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახლში მას შემდეგ გაწერეს, რაც ანალიზის პასუხი უარყოფითი მოვიდა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ მედიკოსებს ანალიზის პასუხები აერიათ და 44 წლის მამაკაცს კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

მამაკაცი რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, გუდაურის საკარანტინო სივრცეში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ჩაუტარდა ტესტი, თუმცა პასუხები აირია და ინფიცირებული პაციენტი სახლში გაწერეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი შეცდომას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული უზუსტობა მოხდა.

"სწორი ინტერპრეტაცია არ არის, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მიმდინარეობს მისი კონტაქტების შესწავლა, რადგან სოფელში მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა.

„კარანტინის შემდეგ ადამიანს სიმპტომები არ ჰქონია. 2 ივნისს ინფორმაცია მივიღეთ, რომ შეცდომა მოხდა და მას აქვს ვირუსი. აუღეს ანალიზი და პასუხები ჯერ არ არის, ის თავს კარგად გრძნობს. სოფელში ორი დაკრძალვა იყო ამ პერიოდში და ყველანი დაკვირვების ქვეშ არიან. თუ პასუხი იქნება დადებითი, ვიმუშავებთ პროტოკოლის თანახმად", - ამბობს ტიგრან ეგოიანი.

ამ ეტაპზე მამაკაცი იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო მის კონტაქტებს ტესტირება ჯერ არ ჩატარებიათ.