ჯანდაცვის მინისტრი თუ დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს - კობერიძე
ჯანდაცვის მინისტრი თუ დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს - კობერიძე

A+ A-

13:48 03/06/2020

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თუ არ გამოცხადდება ამით იგი კანონს დაარღვევს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

მინისტრი დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იყო დაბარებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა და ვიზიტის გადადება მოითხოვა.

კობერიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტებითი წერილი მინისტრს ერთი კვირით ადრე უნდა გადაეგზავნა და მისი ადრესატი უნდა ყოფილიყო არა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ ფრაქციის წარმომადგენლები.

„თუკი ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს რეგლამენტის შესახებ. უკვე არა პირველად. ძალიან მძიმეა იმ ფაქტის ყურება, როდესაც მთავრობა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უამრავი ჯარიმის და სანქციის დაწესებას აპირებს მოქალაქეებისათვის და თვითონ, ელემენტარულად არ ასრულებენ კანონს, არღვევენ რეგლამენტს და არ მოდიან. პროფილური მინისტრი არ მოდის პროფილურ კომიტეტში სასაუბროდ იმ თემებზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობას აღელვებს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, მინისტრს დღეს ოთხ თემაზე სასაუბროდ იბარებდნენ. მათ შორის იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ეპიდემიის მეორე ტალღას ქვეყანა. ასევე 520-ე დადგენილება და სოცმუშაკების გათავისუფლების საკითხი. ამასთან დაკავშირებით ტიკარაძემ პარლამნეტში მხოლოდ მოკლე ახსნა-განმარტება გაგზავნა.