პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან მამალაძე, ის სამშობლოდან სიკვდილს გაექცა და არა სამართალს - ლელა რაზიკაშვილი
პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან მამალაძე, ის სამშობლოდან სიკვდილს გაექცა და არა სამართალს - ლელა რაზიკაშვილი

A+ A-

15:38 01/06/2020

საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევარდნაძის მთავრობის მარალჩონოსნის, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც „ვარდოსნების“ ხელისუფლებამ მამალაძისგან ანტიგმირი შექმნა და სულხან მოლაშვილის მსგავსად, მისი სამაგალითო დასჯისათვის ემზადებოდა.
სულხან მოლაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ლევან მამალაძე კი წამებას და სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სააკაშვილი რეჟიმის სისიხლიან ხელებს გაასწრო და ღავი გადაირჩინა.

„მის საბრალდებო დოკუმენტში წერია, თითქოს მან, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, აიძულა უცხოეთის მოქალაქე, ვინმე პანდიტი, მისთვის ავტოსალონში შეეძინა ძვირადღირებული ავტომობილი. ეს პანდიტი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. იმ პერიოდში გაქცეული იყო ლონდონში. მისგან სასურველი ჩვენების მიღება, თაღლითობის საქმეში შეღავათების სანაცვლოდ, სულაც არ იყო რთული და მანაც მისცა ისეთი ჩვენება, როგორიც შეუკვეთეს.

ჩვენება გამოაგზავნა ფაქსით...ჰო, არ მოგეყურათ, ფაქსით, სადაც არ იყო არანაირი მტკიცებულება თუ ვინ გზავნიდა ფაქსს! არა ნოტარიუსი, არა რაიმე სახის პიროვნების იდენტიფიკაციის კანონით დადგენილი საშუალება!
ფაქსი პანდიტის ხელმოწერით!

დასახელებული მაღაზიის მეპატრონე მივიდა გამოძიებაში, მიიტანა მაღაზიის ბუღალტერია და განაცხადა, რომ მსგავსი მანქანა არ გაუყიდია, რომ ხსენებულ დროს ეს მაღაზია საერთოდ არ არსებობდა, ფაქსში დასახელებული თარიღიდან ორი წლის შემდეგ გაიხსნა და არც მერე გაუყიდია ასეთი მანქანა!
უფრო მეტიც, ავტომობილი ჩამოყვანილი იყო უცხოეთიდან. ოჯახს ის ჩამოუყვანა დიდი ხნის მეგობარმა და პარტნიორმა. საქმეში დევს საზღვარზე ავტომობილის შემოყვანის ყველა დოკუმენტი, განბაჟების ჩათვლით, მაგრამ არაო, ეგ არ ითვლებაო...

კიდევ უფრო მეტი, მეგობარი, რომელმაც აღნიშნული ავტომობილი ჩამოუყვანა ოჯახს, იმხანად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ანუ ეს გარემოება ცნობილი იყო ყველასთვის! თავად ის მაღალჩინოსანი ოჯახს ჩუმად უთვლიდა, არ გამრიოთ მაგ საქმეში, ვერც თქვენ გიშველით და მეც დავზარალდებიო!

- ახლა ფაქსის ავტორი პანდიტი, მზადაა გამოძიებას მოუყვეს იმის თაობაზე, როგორ მიაცემინეს ყალბი ჩვენება მამალაძის წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა ჩვენების სანაცვლოდ რასაც შეპირდნენ არ შეუსრულეს!
ახლა ის მაღალჩინოსანიც თანახმაა გამოძიებას უთხრას სიმართლე საბედისწერო ავტომობილის შესახებ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს უკვე საშიში აღარაა!

მის საბრალდებო დასკვნაში ვერ ნახავთ რაიმე სახის ბრალდებას ან მტკიცებულებებს მოპარული ოქროს ზოდების, ბიუჯეტის ფლანგვის, ან გადაჭარბებული პრემიების, ან ბიუჯეტიდან არამიზნობრივი გადარიცხვის და სხვა უკანონობათა შესახებ. მოკლედ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რასაც ელოდა საზოგადოება, მასზე დატეხილი შავი პიარის ფონზე.

პანდიტის ფაქსის გარდა, საქმეშია მეგობრის საბანკო ბარათიდან მისთვის გადარიცხული 150 და მეორე მეგობრის ბარათიდან გადარიცხული 200 ლარი, ასევე ქონებრივი დეკლარაციის კონკრეტული თავების შევსების წესთან დაკავშირებული პრეტენზიები, რაც არანაირ მნიშვნელოვან ბრალდებას, ასეთ წონად საქმეში, არ წარმოადგენდა... ლევან მამალაძის წინააღმდეგ შეკერილი ბრალდებები ამოიწურა ამით, სასამართლოს გამოტანილი განაჩენი კი მათ საფუზველზე, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აღმოჩნდა!

ამ ბრალდებას ნამდვილად დაამშვენებდა ამაზონის ნიანგების კოლექტიური საჩივარი! სულაც არ ვხუმრობ!

თუ ზემოთ ხსენებული ბრალდებით შეიძლება დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი, ეს ერთი ფურცელი ლოგიკური ბმა მაინც იქნებოდა იმ ხმებთან, რომლებსაც უვრცელებდნენ და თან ეს საბრალდებო დოკუმენტიც ზუსტად იმავე დისტანციაზეა სამართალთან, როგორც ნიანგების საჩივარი იქნებოდა სინამდვილესთან!
ამით არ დასრულებულა, ამით მხოლოდ დაიწყო...

დაერივნენ ოჯახს, - კოჯორში სახლიდან გამოუყარეს დედ-მამა მათივე მფლობელობაში არსებული სახლიდან. თავად სახლი არ იყო იმ მასშტაბის, რომ ფოტოებით მოეფინათ მედია და გაემყარებინათ ეგზეკუცია. სულ რამდენიმე თვე იყო გასული ახალი ხელისუფლების მოსვლიდან. მათ უკვე მოასწრეს ისეთი ქონების ჩამორიგება - მოხელთება, ზოგი წართმევით, ზოგი კი უცებ წამოსული ფულით, რომ ეს სახლი სათავსოდაც კი არ გამოჩნდებოდა მათ ფონზე!

მეტი შთაბეჭდილებისთვის კონფისკაციის დოკუმენტში ჩაწერეს: „6-ოთახიანი სახლი“. სამზარეულოსა და შესასვლელთან ერთად, სახლი, მართლაც იყო 6 - ოთახიანი...
სახლიდან გამოგდების მერე, სოფელში, მამა-პაპეულ ოდაში შეფარებულ მამამისს, სპეც დანიშნულების რაზმით მიუცვიცდნენ და სთხოვდნენ დაესაბუთებინა 3 თაობის წინ, ბაბუამისის, ისიდორე მამალაძის მიერ აშენებული ოდის ხარჯები...

ლოგინად ჩავარდნილ დედამისს კი ყოველ მეორე დღეს აკითხავდნენ და მიყავდათ ყავდათ დასაკითხათ გამოძიებაში, შვილს მალავო!

- ატენის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 4- ოთახიანი ბინიდან გამოუყარეს ცოლი და 3 მცირეწლოვანი შვილი. არც ეს ბინა ყოფილა მამალაძის მფლობელობაში, მისი ბიძის საკუთრებაში ირიცხებოდა.

- მის სახელზე ირიცხებოდა ერთადერთი ქონება, მავთულის ღობით შემოღობილი ცარიელი სამოსახლო ნაკვეთი წავკისში, თუ არ ვცდები 1500 კვ-მ, ისიც წაიღეს, რა თქმა უნდა. სულ ეს იყო ოქროს ზოდების გამზიდველის პირადი და ოჯახის სახელზე არსებული ქონება, რომელიც ვერ გამოიყურებოდა მათ მიერ შექმნილი სცენარის შესაბამისად და ალბათ, ამიტომ დაიწყეს მუშაობა ჩვენებების გამოსაძალად ოჯახის წევრებისგან, რასაც მოჰყვა ცხედრები...

არავინ იცის, რა არჩევანის წინაშე დააყენეს, რით დააშანტაჟეს მისი დედის უმცროსი ძმა, რომელიც მათ ოჯახში, და-ძმებთან ერთად გაიზარდა და მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო...
დაკითხვებიდან მოსული 47 წლის დათო პაიჭაძე ჩაიკეტა საკუთარ ავტოფარეხში და გასროლის ხმაზე, 10 წლის შვილმა იპოვნა ის სისხლის გუბეში...
თავი მოიკლა...

ამის ნიადაგზე ინსულტით ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა ლევან მამალაძის მამა, ლეგარ მამალაძე.

სულ მალე კი ერთი შვილიშვილის დევნით, მეორეს თვითმკვლელობითა და ოჯახის უფროსის დარდისაგან გარდაცვალებით გულგახეთქილი ბაბუა, შალვა პაიჭაძე მიაბარეს მიწას...
...იმ ხანებში, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი საჯარო სკოლის მეორე კლასელი გოგონა უყვება თავის მაღალჩინოსან მამას თანაკლასელ ანა-მარიაზე, რომელიც კლასში ხშირად ტირის. რატომო, - ჰკითხეს.
იმიტომ რომ მასწავლებელი უყვირის: მამაშენი ყაჩაღია, ოქრო მოიპარა! ანა-მარია კი ტირისო...

ის მაღალჩინოსანი, ჩემდა გასაკვირად, ადამიანი გამოდგა! კარგა გვარიანად გამოესარჩლა ანა-მარიას, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მცირე ეპიზოდი იმ ზეწოლების და შეურაცხყოფებისა, რისი ატანაც 3 შვილით მარტო დარჩენილ ახალგაზრდა ქალს უწევდა. გარემო იყო სახიფათო მისთვის და ბავშვებისთვის და მიიღო გადაწყვეტილება, ის ვეღარ ჩაეჭიდა ამ ქვეყანას...
სამშობლო მას მოსდევდა გასასრესად...

მიცვალებულები მიაბარეს თუ არა მიწას, მარიკა ქავთარაძე, 3 მცირეწლოვანი ბავშვით, 2 წლის ლეგათი, 7 წლის ანამარიათი და 6 წლის ნიკოლოზით, მცირედი ბარგით, რისი წაღებაც შეეძლო, ვალეს გამშვები პუნქტიდან ჩუმად გააცილეს ნათესავებმა. იქიდან კი მარტო ჩადის უკრაინაში, სადაც იწყება ახალი პრობლემა - მალვა მიგზავნილი ქილერებისაგან!

ოჯახისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ლევან მამალაძის ლიკვიდაციისთვის დაქირავებული იყო ქილერი. ის ცოცხალი არ სჭირდებოდათ, თან სასურველი იქნებოდა, თუ მას უცხო ქვეყანაში მოიშორებდნენ. ამის გამო, ოჯახი წლების მანძილზე, იქაც, უცხოეთში, ცხოვრობდა ცალ-ცალკე, მალვაში. გამუდმებული სრტესების, ბინიდან ბინაში გადასვლის, დაძაბულობის და შიშის ფონზე ყველაზე უმცროს მამალაძეს, 7 წლის ლეგას, დიაბეტი განუვითარდა!

დიახ, ლევან მამალაძე გაექცა სიკვდილს და არა სამართალს, თუნდაც ისეთს, რომელიც დაუწერეს! ის იმ ეპოქის ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა!!!!

ეს თავგადასავალი მარტო ემოციური ამბავი არ არის, ეს არის იმ გარემოს, იმ ეპოქის, იმ ხელისუფლების სახე, სადაც დასაშვები იყო პოლიტიკური ოპონენტის დევნისა და განადგურების მსგავსი პრეცენდენტის შექმნა, მსგავსი სცენარის განვითარება!

,,მამალაძის სამართალი“ არის საქმე, რომელიც ყველაზე ზუსტად ახასიათებს გარემოს, მოვლენებს, მართვის ფორმას და ამ ყველაფის ავტორ პერსონებს!
დიახ, მამალაძე არის პოლიტდევნილი და ეს სიტყვასიტყვით გაწერილია მის საქმეში!

ლევან მამალაძის საქმე არის პოლიტიკური სამართლის, პირადი ანგარიშსწორების სამართლის, უსამართლო სამართლის,  საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში მოქცეული სამართლის,
არაპროფესიული სამართლის ქრესტომათიული მაგალითი!

მამალაძე ანგელოზი არ არის, ამაზე პრეტენზია არც მას აქვს.
ის წლებია ითხოვს სასამართლოს უფლებას. ღია, საჯარო სასამართლოს, სადაც თავის დაცვის საშუალება ექნება!
უმრავლესობა იტყვის, რომ ასეთი ისტორია ბევრი გაუგიათ და მართალიც იქნება. ყველა მათგანი გადასახედია და სამართლით დასასრულებელი, მაგრამ მამალაძის ე.წ. ქეისი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის!

ის იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილი მაღალჩინოსანი, არაფრით ნაკლები ან მეტი სხვებზე, ბევრზე კიდევაც უკეთესი, აქტიური და ინიციატივიანი. ის წლების მანძილზე, რევოლუციის მომზადების პროცესში შეარჩიეს, როგორც სამიზნე ანტიგმირი. მისგან შექმნეს შევარდნაძის ხელისუფლების კრებითი სახე და სწორედ ამიტომ, რევოლუციით მოსული ახალი ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხი უნდა ყოფილიყო სამაგალითო, მტკიცებულებებით გამყარებული და სამართლიანი სამათლის შექმნა მის საქმეზე. ეს იქნებოდა ერთგვარი განაცხადი იმ ჯანსაღი მიზნებისა, რისთვისაც მათ ხალხი დარაზმეს!

მოხდა პირიქით, პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც მამალაძე წარსულის ანტიგმირად აქცია, თავისივე ხელით, მამალაძის პრეცენდენტით, შექმნა მრუდე სამართლის და არაადამიანური მოპყრობის მოდელი, რაც ამ ძალის ძირითად მახასიათებლად იქცა და რისთვისაც მომავალში მას იგივე ხალხი დაუპირისპირდა!

ასეთი მრუდე სამართალი ბევრად მეტია ვიდრე სახელისუფლებო კორუფციული კრიმინალის კონკრეტული შემთხვევა, ეს არის ძალაუფლების დანაშაული და მანიშნებელი იმისა, რომ ქვეყანაში ის მიაკითხავს ყველას, ვისი საჭიროებაც დადგება. ძალიან მალე მან მიაკითხა კიდეც ათასებს და ათიათასებს!

ყველა, ვინც მამალაძის საქმეს ეცნობა დღეს, გაოგნებულია მისი აბსურდულობით. ყველას უჩნდება ერთი და იგივე კითხვა. გასაგებია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, მაგრამ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ასეთ გახმაურებულ საქმეში სახელმწიფო მანქანამ ვერ მოახერხა ცოტა სიმართლე ან ცოტა უფრო პროფესიულად დამუშავებული ტყუილის ,,ჩადება“ მაინც?

ამას მარტივი ახსნა აქვს. ერთი ის, რომ ისინი, თავიანთი გათვლებით, ხელისუფლებაში მოვიდნენ უკუნითი უკუნისამდე და მათ დადანაშაულებას ვერავინ შეძლებდა. მეორე კი, უფრო რეალისტური, ეფექტური და საშინელი თავისი არსით - მამალაძის წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარი! ამ მეორემ იმუშავა მაშინ და იმუშავა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, მუშაობს დღემდე, სამწუხაროდ!..
მათ სწორად გათვალეს ის, რომ არავინ იკითხავდა მტყუანსა და მართალს!

ანტიგმირის მიმართ მომზადებული და დაგეშილი საზოგადოება მის სასჯელს კითხვების გარეშე მიიღებდა, უფრო მეტიც, მეტის ღირსიაო,- მიაძახებდა და ამით დასრულდებოდა საქმე!

არ ვიცი რა ჰქვია ამას, უფლის სამართალი, ბედისწერა, ლოგიკა თუ კანონზომიერება, მაგრამ არწაკითხვისა და შექმნილი სტერეოტიპის ლოდის ქვეშ ამოდებული მამალაძის საქმის ახალი ძალით გაცოცხლება, სიმართლის დადგენის ახალი შანსის დაშვება, ამ საქმეში მოახერხა ისევ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ეს და მსგავსი უამრავი შექმნა თავად!

წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გახმაურებულმა საქმეებმა, განსაკუთრებით კი პოლიტიკურმა შეწყალებამ, იმავე ხალხში, ვინც მამალაძის დასჯას ან მოწონებით, ან დუმილით შეხვდა, გააჩინა ძალიან მარტივი და ლოგიკური კითხვა:

- რა დააშავა მამალაძემ ამათზე მეტი?

წლების მანძილზე მასკარადივით ვაკვირდებით გახმაურებულ საქმეებს და შოუდ ქცეულ სასამართლო პროცესებს.

განხილვაშია დანაშაულები პერიოდის:

- როცა დაიდო ცხედრები ქუჩებში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ შენობებში! ამას ვერავინ უარყოფს და ვერც დაივიწყებს, ასევე იმასაც, რომ ამ ცხედრებზე პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ჩინოვნიკები!

- პერიოდის, როცა შეიქმნა კარტელები, საგვარეულო და საოჯახო კლანები, რომელთა სახელები ყველას პირზე ეკერა, რომლებმაც გადაინაწილეს ქვეყნის ეკონომიკა სექტორების და მიმართულებების მიხედვით. პირველი პირის საოჯახო კლანმა მიწიან-ოქროიან-მადნეულიანად ყველას თვალწინ, ჯიბეში ჩაიდო მთელი კომბინატი. ეს ის კომბინატია, მამალაძეზე რომ ხმებს ავრცელებდნენ, დედას გეფიცებით, ჩვენი თვალით ვნახეთ ჩანთებით, ღამ-ღამობით ოქროს ზოდებს ეზიდებოდაო! წლების მანძილზე, დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, ოფიციალურად, რამდენი ზოდი სად გაიზიდა და ვინ გაამდიდრა, ამაზე კითხვის დასმა არ შეიძლება, პოლიტიკურია!

- პერიოდის, როცა დასაშვები იყო ერთ მშვენიერ დღეს შეგემოწმებინათ საკუთარი ქონება და აღმოგეჩინათ, რომ ის თქვენი აღარ არის, სახელმწიფოსია! ( მაგალითად: ჩემი ოჯახის წევრისთვის წართმეული ქონება, რომელიც სასამართლო განხილვაშია დღესაც!), ან სულაც ღამის 1-ლ ,2, ან 3 საათზე, უცებ გაგჩენოდათ სურვილი ,,საკუთარი ნებით“ გაგეფორმებინათ ქონება სახელმწიფოსთვის, ან პერსონისთვის, რომელიც, ალბათ, ძილში გამოგეცხადათ...

-პერიოდის, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადიოდა უამრავი არამიზნობრივი ხარჯი, პოლიტიკური თუ პირადი მიზნებით და ესეც ფაქტია, დღესაც დევს დოკუმენების სახით და ამასაც ვერავინ წაშლის!
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ადამიანები ციხეებიდან და სასამართლო დარბაზებიდან ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, დაირქვეს პოლიტპატიმრები და ამდენი გაუბედურებული და რეპრესირებული ადამიანის თვალწინ, მიიღეს შეწყალება-როგორც პოლიტიკოსის პრივილეგია!
აი, ამ ფონზე, დაისვა ეს მარტივი და ლოგიკური კითხვა:

- და მართლა, რა დააშავა მამალაძემ ამათზე მეტი?

- თუ დააშავა, 17 წელია არის დევნაში და სამართლის ძიებაში!
ამასობაში გავიდა მისთვის მისჯილი 17 წელი!

საზოგადოების მოულოდნელი სოლიდარობა მის მიმართ ერთგვარი უკურეაქციაა არსებული რეალობის ფონზე. კიდევ ერთი ძალიან თვალშისაცემი გარემოება - შედარებითი მახასიათებელი ,,მამალაძის სამართლის“ პერიოდის:

ვაკვირდებით წინა ხელისუფლების ბრალდებულებს, მათ საქმეებს, ციხეებში შესვლა- გამოსვლებს, მათ კეკლუცს ძვირადღირებული, ხელისუფლებაში ყოფნის და ზოგ შემთხვევაში, ციხეში ყოფნის დროს შეძენილი
აპარტამენტებიდან და ვხედავთ, რომ მიუხედავად მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების სიმძიმისა, არავის მოსვლია აზრად მათი ცოლ-შვილის, მათი დედ-მამის დაწიოკება, სახლებიდან გამოყრა და დევნა...

დიახ, მამალაძის საქმე სიმბოლურია არა მარტო ამ სამართლის შემქმნელი ხელისუფლებისთვის. მას აქვს შანსი სიმბოლური იყოს დღესაც, ამ სამართლის დასრულებისთვის მოსული პოლიტიკური ძალისთვისაც!
ასეთი ,,სამართლის“ დაშვება არ შეიძლება არანაირი დანაშაულის წინააღმდეგ, რადგან ის თავად არის კორუფციაც და დანაშაულიც!

მამალაძის შეწყალება უნდა იყოს ,,მამალაძის სამართლის“ ეპოქის დასასრულის სიმბოლო!
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, გააფორმეთ ეს სიმბოლო კონსტიტუციური აქტით პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან მამალაძე!“, - წერს ლელა რაზიკაშვილი.