აშშ-ში გასულ 24 საათში ინფიცირების 29 ათასამდე და გარდაცვალების 1,5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასულ 24 საათში ინფიცირების 29 ათასამდე და გარდაცვალების 1,5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

12:57 22/05/2020

 ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ 24 საათში ინფიცირების 29 ათასამდე და გარდაცვალების 1,5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„Worldometers“-ის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში „ჩინური ვირუსის“ გავრცელების დღიდან, დადასტურებულია ინფიცირების 1 621 196 და გარდაცვალების 96 359 ფაქტი.

ამერიკის შეერთებული შტატები „მსოფლიო ლიდერთა“ სიაში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. სწორედ აშშ-ს მიადგა ყველაზე დიდი ზარალი.

თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ყოფნა კარგია, რადგან ეს ტესტირების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, ამერიკაში დაახლოებით, 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა რბილდება, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება და გაუმჯობესება არ შეინიშნება.

აშშ-ში მაის-ივნისში უმუშევრობის კოეფიციენტმა შესაძლოა, 20-დან 25%-მდე მიაღწიოს, რაც ბოლოს 90 წლის წინ, დიდი დეპრესიის დროს დაფიქსირდა.

ხოლო აპრილში უმუშევრობის პროცენტულობა 14,7-ს შეადგენდა.

ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აშშ-ში უკვე გამოჯანმრთელდა 382 244 ინფიცირებული, ხოლო 1 142 593 კვლავ ებრძვის უხილავ მტერს, მათგან 17 907 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 5 207 910 და გარდაცვალების 334 848 შემთხვევა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი დაამარცხა 2 092 168 ადამიანმა.