შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, მხოლოდ 15 ივლისამდე ჰქონდეს - ინიციატივას დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ
შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, მხოლოდ 15 ივლისამდე ჰქონდეს - ინიციატივას დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ

A+ A-

10:34 22/05/2020

უმრავლესობის ახალი ინიციატივით შეზღუდვების დაწესების უფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლოა მხოლოდ 15 ივლისამდე ჰქონდეს. ინიციატივაზე საუბარი დღეს სესიაზე მეორე მოსმენისას იქნება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ისინი მხოლოდ მას შემდეგ გააჟღერებენ პოზიციას, რაც ახალი კანონპროექტის ფორმულირებას გაეცნობიან. გუშინ ინიციატივა პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღეს და დღეს გახდება ცნობილი საბოლოოდ დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი დაგეგმილ ცვლილებებს.

"ბრძოლამ როგორც ჩანს გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამგვარ ბლანკეტურ, შეუზღუდავ უფლებამოსილების მთავრობისთვის უვადოდ გადაცემაზე, რადგან კობახიძემ გააჟღერა კონკრეტული ჩამკეტის შემოღება, რომელიც მხოლოდ გარკვეული მონაკვეთის პერიოდში მისცემს მთავრობას ამ უფლებამოსილებას. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ ეს კონკრეტული ფორმულირება და შევაფასოთ რამდენად იქნება ის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკურ უთავმოყვარეობას უწოდებს პარლამენტის მიერ მთავრობის მაკონტროლებლის ფუნქციის დათმობას ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე:

"ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა რეკორდი მოხსნა პოლიტიკური უთავმოყვარეობის, პრაქტიკულად საკუთარ თავს აუქმებენ როგორც ინსტიტუტს და ეუბნებიან მთავრობას, რომ მე კი არ ვიქნები შენი მაკონტროლებელი , მე კი აღარ დავაწესებ რეგულაციებს, შენ გადაწყვიტე როგორც მოგეხასიათოს და საჭიროდ ჩათვალოო, რაც ივანიშვილის პირობებში გასაკვირი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ყველას, რომ შემოდგომაზე ეროვნული ამოცანაა ასეთი ხელისუფლების შეცვლა," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ამბობს, რომ ინიციატივის ახალმა დეტალმა რომელიც შეზღუდვების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული ჩამკეტის შემოღებას გულისხმობს, სპეკულაციებისთვის ყველა საბაბი მოსპო:

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდის შიგნით და ამ მსჯელობის საფუძველზე საბოლოო ჯამში შევჯერდით ამ გადაწყვეტაზე. ისედაც არ იყო არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის თუმცა აქ ყველანაირი საბაბი მოისპო. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში იმოქმედებს ეს კანონი იმისათვის, რომ ამ ვადით შენარჩუნდეს ის შეზღუდვები, რომლებიც არის აუცილებელი და პანდემიასთან ბრძოლისთვის და ამის შემდეგ ეს ნორმები დაკარგავს აქტუალობას,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

წყარო: რუსთავი 2