მთავრობამ საშიმშილოდ გაწირა სანტექნიკოსები და ძიძები - გოცირიძე ხელისუფლების "ეკონომიკურ ფილოსოფიაზე"
მთავრობამ საშიმშილოდ გაწირა სანტექნიკოსები და ძიძები - გოცირიძე ხელისუფლების "ეკონომიკურ ფილოსოფიაზე"

A+ A-

13:56 21/05/2020

მთავრობამ საშიმშილოდ გაწირა სანტექნიკოსები, ძიძები და ის ადამიანები, რომლებიც დასაქმების ცნობას ვერ წარადგენენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ განმარტა, მთავრობამ ხალხი მოატყუა, რადგან  ვერ არჩევს, ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა, ამით კი,  „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რეალური  სახე გამოაჩინა.

„ჩვენ დღეს პირველად ვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, შეიძლება ვუწოდოთ მისი ერთი ნაკუწი, ნაწილსაც ვერ ვუწოდებთ. მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მოატყუა ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, რეალური მისი სახე გამოჩნდა აქ. აი, ესაა მთელი ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი, 150 ლარის შეღავათი იმ დასაქმებულებს, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ. აი, ამით დამთავრდა თქვენი ეკონომიკური ფილოსოფია. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ არაფერი არ მოსულა პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი არის ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვები, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, არაა კანონში ასახული და არ აქვს არც ფინანსური ბაზა.

სად არის დახმარებები, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი? დაგვისახელეთ ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც კომპენსაცია არ გაწია. როდის მიიღებს პირველ დახმარებას შიმშილის ზღვარზე მისული ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოკეტილი იყო სახლში იძულებით, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი და რომელსაც ხელისფულებისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიუღია? მე გეკითხებით მთავრობას და ფინანსთა მინისტრს, როდის მიიღებს პირველ კომპენსაციას? აქ ბიუჯეტი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არავითარი გეგმა და რეალური გზები არ აქვს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. დეპუტატი ელოდება მთავრობისგან ბიუჯეტის წარდგენას, სადაც ფინანსური ნაწილი დეტალიზებული იქნება. 

შეგახსენებთ,  საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. ასევე, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა.