სახელმწიფო ღალატის სკანდალი უკრაინაში - პროკურატურას პოროშენკოსა და ბაიდენის საუბრის ჩანაწერი გადასცეს
სახელმწიფო ღალატის სკანდალი უკრაინაში - პროკურატურას პოროშენკოსა და ბაიდენის საუბრის ჩანაწერი გადასცეს

A+ A-

11:09 20/05/2020

უკრაინის რადას დეპუტატმა სახელმწიფოს ღალატის განცხადებით, პროკურატურას გადასცა აუდიო ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ჯონ კერის საუბრები ისმის.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დეპუტატი ანდრე დერკაჩი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“.

მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიკტორ შოკინის გადაყენებას, რის სანაცვლოდაც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას პირდება.

ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება უკრაინულ კომპანია „ბურისმას“, რომელშიც მმართველ თანამდებობას ჯო ბაიდენის შვილი იკავებდა.

დამოკიდებელი ექსპერტიზის დასკვმა აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რადის წევრმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერები უკვე გადაეგზავნა პროკურატურას.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი უკრაინულ კომპანია „ბურისმაში“ 2014 წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. აშშ-ში ამ გადაწყვეტილებას ინტერესთან კონფლიქტის გამო კრიტიკა მოჰყვა.