კალაძის გადამდგარი მოადგილე "არტარეაში" ბრუნდება
კალაძის გადამდგარი მოადგილე "არტარეაში" ბრუნდება

A+ A-

18:28 18/05/2020

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფიო ხუნწარია "არტარეაში" ბრუნდება. ამის შესახებ თავად ხუნწარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ის „არტარეას“ განვითარებისთვის დაეხმარება.

„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო, ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუძველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ(ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ. უხერხულია.

მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობა ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას.

ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი, არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი, რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია, ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი“, - წერს ხუნწარია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობიდან სოფო ხუნწარიას წასვლის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა.

მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.