ეს დანაშაული სხვამ ჩაიდინა, მამა დავითი მსხვერპლია - სკანდალური საქმის ადვოკატი
ეს დანაშაული სხვამ ჩაიდინა, მამა დავითი მსხვერპლია - სკანდალური საქმის ადვოკატი

A+ A-

18:11 05/05/2020

ყინწვისის მამათა მონასტრის ბრალდებული ღვთისმსახური მამა დავითი უდანაშაულოა. საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სწორად არ მიმდინარეობს.

ამის შესახებ "2020NEWS”-თან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებული მამა დავითის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც კობაიძე  სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებს, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის ის პიროვნება, ვინც რეალურად დანაშაული ჩაიდინა.

-ბატონო ალექსანდრე, ვის უნდა აწყობდეს მამა დავითის უკანონოდტყვედქცევა, მით უფრო, როცა ის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია?

-კონკრეტული პირი რომ ვიცოდე, ვის უნდა აწყობდეს, სიამოვნებით ვიტყოდი. მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რას უკავშირდება მამა დავითის დაკავება. ფაქტი ერთია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მამა დავითმა აღნიშნული დანაშაული რაიმე ფორმით ჩაიდინა. საგამოძიებო ორგანო კი გვეუბნება, რომ დიახ, მამა დავითი დამნაშავეა.

-ვინ არის ის პირი, რომლიც თქვენი განცხადებით, მამა დავითის ნაცვლად უნდა იყოს დაკავებული?

-ეს დანაშაული არა მამა დავითმა, არამედ სხვამ ჩაიდინა. მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო, რომ გითხრათ, რომელი პიროვნებაა დამნაშავე. საგამოძიებო ორგანომ უნდა თქვას, რომ მამა დავითს ეს დანაშაული არ ჩაუდენია. ეს დანაშაული სხვამ ჩაიდინა, მაგრამ ჯერჯერობით, ამ საკითხს  საგამოძიებო ორგანო არ განიხილავს.

ფაქტია, რომ გასროლა მოხდა. ვაზნები და დანაც არის ამოღებული. თავად დაზარალებული საუბრობს, რომ იარაღი ისროლეს, მაგრამ მამა დავითი რა შუაშია, ამას ვერ ვხვდები.

-თქვენი აზრით, რატომ დაუკავშირეს მამა დავითი ამ საქმეს?

-დაკავშირება არის ვერსიების დონეზე, რომ შესაძლოა, რამე კონფლიქტი ჰქონოდა მამა დავითს მამა საბასთან, მაგრამ ასეთი ვერსია საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს. ამ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

-მამა დავითმა იცის ვინაობა იმ პიროვნების, რომელმაც თქვენი თქმით, დანაშაული რეალურად ჩაიდინა?

-ამ კითხვაზე- იცის თუ არ იცის, არ მაქვს პასუხი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან საუბრისას მას არ განუცხადებია, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. მან თქვა, რომ ეს არის ჩემთვის განსაცდელი და ამ განაცდელისთვის მზად ვარ, გავუძლებო.

-საქმის მასალებში დაზარალეული მხარე, მამა საბა აცხადებს, რომ მისი მიმართულებით 7-8 ტყვია ისე გაისროლეს, არ დაუნახავს, ვინ ისროდა. როგორ შეიძლებოდა, ავტომანქანაში მყოფ მასსა და მის გარშემომყოფებს აღნიშნული პირი ვერ შეემჩიათ?

-კითხვები  ჩნდება: როგორ შეეძლო მამა საბას არ დაენახა ის პირი, რომელიც მისი მისამართით ისროდა? ამ შემთხვევიდან, დაახლოებით, 200 მეტრის  გავლის შემდეგ, მან ავტომანქანა გააჩერა და ამ ხნის განმავლობაში არავინ დაუნახავს?!

ე.ი დაცვის მხარე მართებულია, როცა ამბობს, რომ ამ შესაძლო დანაშაულთან მიმართებით მამა დავითის მონაწილეობა ნულის ტოლია. ნაცნობი პიროვნება რომ ყოფილიყო, მამა საბა იტყოდა, დავინახე და მან მესროლაო.

დაზარალებული მღვდელმთავრის, საბა ჟღენტის სარგებლობაში მყოფ მანქანაზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტყვიის მასრებზე მამა დავითის ანაბეჭდები არ არის. მამა დავითის შემხებლობა აღნიშნულ საქმეზე ნულის ტოლია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე