მომავალი თაობის მუზეუმი- ინოვაციური პროექტი რიყეზე, რომელიც საქართველოს ისტორიას გააცოცხლებს
მომავალი თაობის მუზეუმი- ინოვაციური პროექტი რიყეზე, რომელიც საქართველოს ისტორიას გააცოცხლებს

A+ A-

17:15 04/05/2020

თბილისის უძველეს უბანში, საქართველოს ისტორია გაცოცხლება იგეგმება. „მომავალი თაობის მუზეუმი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად რიყის ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის საფუძველზე ინტერაქტიული, მაღალტექნოლოგიური მუზეუმი მოწყობას ისახავს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპლექსის პროექტი კომპანია „NG-MAP“- მა მოამზადა.

კომპლექსი მოიცავს საგამოფენო ექსპოზიციას ფუნქციონალური შესაძლებლობების ფართო სპექტრითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით:

  • სატრანსპორტო სისტემა დამთვალიერებლებისთვის
  • სამ და ოთხგანზომილებიანი ვიდეო ინსტალაციების გადამცემი აუდიო და ვიდეო სისტემები
  • მნახველებში შთაბეჭდილებების გაძლიერების მიზნით სპეცეფექტების შესაქმნელი მოწყობილობა

ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულ დარბაზებში დამთვალიერებლების გადაადგილება მოხდება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებებით.

მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ მუზეუმის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია რიყის მიმდებარე ტერიტორია, პარკისა და მტკვრის სანაპირო ზოლი, მეტეხის ხიდიდან, მშვიდობის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორია.

იდეის ავტორის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კულტურისა და ტურიზმის განვითარებას. მუზეუმი აღჭურვილი იქნება ახალი თაობის ტექნოლოგიებით (აუდიო, ვიდეო, ტრანსპორტი) და უზრუნველყოფს სტუმრების  კომფორტულ გადაადგილებას, თბილისის ისტორიულ ნაწილში.

 

მათი ინფორმაციით, პროექტის სოციალური ამოცანაა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპლექსის შექმნა, რომელსაც ექნება სასწავლო და დასასვენებელი ცენტრის ფუნქცია. „მომავალი თაობის მუზეუმი“  საშუალებას იძლევა, თანამედროვე საინტერესო ინტერაქტიური ფორმით მოახდინოს თბილისისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტი ქალაქის მცხოვრებლებისათვის და პირველ რიგში, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, მშობლიური ქალაქის ისტორიასთან ზიარების საუკეთესო საშუალებაა.

 

მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ დიდი ქალაქების ისტორიულ ცენტრებში არსებობს ისეთი ატრაქციონებისა და გასართობი პარკების შექმნის ობიექტური მოთხოვნილება, რომლებიც ქალაქის ისტორიას უკავშირდება.

იდეის ავტორი წერს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი ქალაქის ეკონომიკაში 50 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს, შეიქმნება 60 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი, 10 წლის განმავლობაში კი ბიუჯეტში 20 მლნ. დოლარზე მეტი საგადასახადო შემოსავალი შევა. ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა 10%- ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2018 წლის 23 ოქტომბერს შემოსული განცხადება, რომელიც შეეხებოდა რიყის ტერიტორიის გარკვეულ ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების კონცეფციის წინასწარი შეთანხმების საკითხს.

კომპანიამ „NG-MAP“- მა თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტის ესკიზის განხილვის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა. როგორ „კომერსანტს“ არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების კონცეფციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, კონცეფციას დადებითი შეფასება მიეცა იმ პირობით, რომ პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნებოდა საბჭოს წევრების რეკომენდაციები. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის დამკვეთს არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად  არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავს.

როგორც პროექტით ირკვევა, იდეის ავტორი დაინტერესებულ კომპანიას ეძებს, ვინც ახალი თაობის მუზეუმის იდეას განახორციელებს. მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ ინვესტორი განხორციელებულ ინვესტიციას უკან 10 წლის შემდეგ დაიბრუნებს. მათივე ინფორმაციით, მომავალი თაობის მუზეუმის ანალოგები გამოყენებულია აშშ, ევროკავშირის ქვეყნებში და ჰონკონგში.

წყარო: კომერსანტი