1000 ლარი VS 300 ლარი - მილიონერის "ლელოსა" და მილიარდერის "ოცნების" კორონაეკონომიკური დუელი
1000 ლარი VS 300 ლარი - მილიონერის "ლელოსა" და  მილიარდერის "ოცნების" კორონაეკონომიკური დუელი

A+ A-

17:15 01/05/2020

3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ბიზნესს დასაქმებულთა 80%-ის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას 4 წელიწადში 2-ჯერ გაზრდის, სქემა და კიდევ სხვა სახის ღონისძიებები, რომელთა მიხედვით, ქვეყანაში, დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება - მილიონერი მამუკა ხაზარაძის „ლელომ“ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კრიზისში მყოფი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, ასეთი ეკონომიკური მოდელი შესთავაზა. 

უმალვე, „ლელოს“ შეთავაზების საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ოცნების“ მთავრობის მიერ უკვე წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფართო პრეზენტაცია გამართა. 

"ქართული ოცნება“ VS "ლელო საქართველოსთვის“

ფაქტია, ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი, მილიონზე მეტი ემიგრანტის, ასი ათასობით მშიერი ბავშვისა და ნახევარ მილიონზე მეტი, სოციალურ დახმარებაზე ჩამოკიდებული ადამიანების ქვეყანაში პარტიათა კორონაეკონომიკური დუელი აქტიურ ფაზაში გადადის 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად. განსხვავება ორივე პარტიის როგორც კრიზისულ, ასევე პოსტკრიზისულ მიდგომებში დიდია. 

უფრო მეტიც, თუ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ადამიანები 90-დან 300 ლარამდე დახმარებას მიიღებენ და ეს დახმარება 6 თვეზეა გაწერილი, „ლელოს“ მოდელი 3.2.1 - საგარანტიო ფონდი ბიზნესისთვის“ - უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა ოჯახმა 3 თვის განმავლობაში, თვეში 1000 ლარის დახმარება მიიღოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის მიდგომები „ლელომ“ „ოცნებას“ ანტიკრიზისული გეგმის გამოქვეყნებამდეც შესთავაზა ხოლმე, რათა გაეთვალისწინებინათ, ხელისუფლებამ მაინც თავისი ანტიკრიზისული გეგმა დადო და ოპოზიციური პარტიის შეთავაზებები არ გაითვალისწინა. 

თუმცა, როგორც პარტიის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მედიასთან აცხადებს, ბიზნესისთვის საგარანტიო ფონდის შექმნის იდეა ხელისუფლებამ აიტაცა, მაგრამ თავისებურად და ნაკლები თანხის გათვალისწინებით, რაც საკმარისი არაა. „ლელო“ ბიზნესის დასახმარებლად, ამ ტიპის ფონდში 3 მილიარდის შიდა რესურსებით მობილიზებაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა კი, მხოლოდ 2 მილიარდის და ისიც - საერთაშორისო დახმარებების ხარჯზე. 

პრემიერ გახარიას მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას კი, ოპოზიციამ და ეკონომისტებმა უკვე მისცეს უარყოფითი შეფასება, იმ მოსაზრებით, რომ ეს გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფროა გათვლილი და ამიტომაც, 6 თვეზე გაწელილი, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის გამო, უმუშევრად დარჩენლი ადამიანების რეალურ გაჭირვებასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე. 

როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი პარტიის მოდელის მთავარი მიზანი ადამიანის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების შექმნაა. და რაც მთავარია, მოდელი ეფექტიანია, რადგან იგი კრიზისის დაძლევის მრავალწლიან გამოცდილებასა და არათუ ქართველი, არამედ უცხოელი ეკონომისტების ცოდნასაც ემყარება.

,,თუ ჩვენ გვინდა, გადავარჩინოთ ადამიანი, იმიტომ, რომ ყველა ანტიკრიზისულ პროგრამას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი - გადაარჩინოს ადამიანი, ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება შეუქმნას. ჩვენი პროგრამაც სწორედ ადამიანზეა მიმართული, ჩვენს მოქალაქეზე, რომლის სამუშაოს შენარჩუნებას და სტაბილურად ხელფასის აღებას უზრუნველყოფს. 

რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ:

სოციალურ ნაწილში, იმ 6 მილიარდ ლარიანი პაკეტიდან, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 6 მილიარდი ლარი არის ჩვენი შიდა რესურსებით მოზიდული თანხა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, 1 მილიარდი ლარი უნდა განაწილდეს თითქმის მილიონ ნახევარ ადამიანზე. 

ხაზს ვუსვამ, რომ არ არის განსხვავება, ადამიანმა დაკარგა სამუშაო, თუ ის იყო თვითდასაქმებული, რადგან ჩვენ თუ ვსაუბრობთ ადამიანზე, აქ დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, ის დასაქმებული იყო, თავისით მუშაობდა, რეგისტრირებული იყო, თუ ჰქონდა ოფიციალური სამსახური. 

თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, მაშინ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ეს თანხა. ჩვენი გათვლებით, 3 თვის განმავლობაში, ოჯახი თვეში მიიღებდა 1000 ლარს - იმიტომ, რომ 3 თვის მერე ეკონომიკა უნდა იყოს ამუშავებული. 

სჯობს, ახლა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ვიდრე 6 თვის განმავლობაში რაღაც მინიმალური თანხები ვარიგოთ და ისიც არ შეხვდება ყველა კატეგორიას.

რაც შეეხება 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს. ფონდის იდეა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს არის არა მარტო მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სერიოზული სტიმული. 

ჩვენი პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესის მქონე და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც მთლიანობაში არის ჩამოკიდებული და გაჩერებული, მათ უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს. 

ანუ, მათ 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება, დაიმატონ იმდენი თანხა, რამდენიც მათ სჭირდებათ და აიღონ ერთადერთი ვალდებულება - რომ თავიანთი თანამშრომლების 20%-ზე მეტს არ შეამცირებენ. 

ეს ჩვენ მოგვცემს 2 მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას: ერთი, რომ ეკონომიკა არ გაჩერდება და ყველა კომპანიამ, რომელმაც ხელახლა უნდა დაიწყოს, დაიწყებს ამას ყოველგვარი ბარიერების გარეშე და ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან სამსახურის დაკარგვის და ხელფასის მიუღებლობის გამო, ისინი შენარჩუნდებიან ეკონომიკაში. 

ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით ჩვენ დიდ სტიმულს ვაძლევთ ეკონომიკას. 

თუ ეს სქემა იქნება დანერგილი, ჩვენი ეკონომიკა უახლოეს 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ. ამ სქემის მიხედვით და კიდევ სხვა ღონისძიებების მიხედვით ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში. 

ეს არის გათვლილი, შეჯერებული ჩვენს უცხოელ სპეციალისტებთან და ერთადერთი სწორი გზა იმ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ეკონომიკა ჩავარდა’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კორონავირუსი რომ პოლიტიკაშიც შეიჭრა და იქაც კიდევ უფრო დაავირუსა მძიმე სიტუაცია, არახალია. ხაზარაძის „ლელოს“ წარდგენილი პროექტის შემდეგ, ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის ამ შეთავაზებებს იმით უპასუხა, რომ უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მეორე დღესვე გამართა უკვე წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფართო პრეზენტაცია.

„ჩვენი ანტიკრიზისული და უფრო მეტად პოსტკრიზისული გეგმა ქართული ბიზნესის გაძლიერებისთვის იქნება გათვლილი. რათა მათ შეძლონ დასაქმებულების შენარჩუნება, საბანკო კრედიტების გადახდა, კომუნალური გადასახადების გადახდა, ჩვენ შევცვალეთ მიდგომები“, - განაცხადა თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. 

მისივე თქმით, კორონავირუსისგან დაზარალებული 2020 წელი „ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებითაც, სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება“, ხოლო 2021 წელი შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდით „აღნიშნოს“. 

„პირველ რიგში რაც გაკეთდა არის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ. ესაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა და შანსი ბიზნესისთვის, რომ ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ დღეს აწევთ, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში ბიზნესს, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ“,- გაიმეორა თურნავამ გახარიას გეგმა პრეზენტაციაზე.

ფაქტია, ვიდრე კორონა ბობოქრობს, ბობოქრობს 2020 წლის არჩევნებისთვის ხმებზე მონადირე პოლიტიკური ველიც. არჩევნებამდე კი სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი. 

ვნახოთ, ვინ დაითვლის და „ჩაითვლის“ ხმებს იმ ადამიანებისას, რომლებიც სახლებში უმოქმედოდ არიან გამოკეტილი და დღითიდღე ღარიბდებიან. პოსტკორონულ ეპოქაში კი, როდესაც სახლების კარებები გაიღება, პირველი, რაც ამ ადამიანებს ზღურბლზევე დახვდებათ ან ბანკის ვალები იქნება, ან სამსახურის ძიების უშედეგო მცდელობა. 

ყველაფერი ამის უკან კი მშიერი ბავშვების მომლოდინე სახეებია - უპერსპექტივო ქვეყნის მთავარი სატკივარი. ახლა ამ ქვეყანაში დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასეული მილიონი დოლარისა თუ ევროს დახმარება შემოვა. საკითხავი კი, აქ სწორედ ისაა, ეს მილიონიანი დახმარებებიც მშიერი ბავშვების ოჯახებს რამდენად მიზანმიმართულად მოხმარდება და როგორც ყოველთვის, ხომ არ დაილექება უსისტემო სახელმწიფოს გავლენიანი კლანების წარმომადგენელთა ჯიბეებში. 

რუსა მუმლაძე