2019 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 105 107 ადამიანი წავიდა
2019 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 105 107 ადამიანი წავიდა

A+ A-

15:40 01/05/2020

 

საქართველოდან მოსახლეობის ემიგრაცია კვლავ უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013-2019 წლების განმავლობაში ქვეყანაში მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და ქვეყანა 41,932-მა ადამიანმა დატოვა. მხოლოდ გასულ წელს, ემიგრანტების რაოდენობამ 105,107 შეადგინა, რაც მიგრანტების რაოდენობასთან შედარებით, 8,243 ადამიანით მეტი იყო.

სწორედ უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო მიზეზი, რის გამოც გასულ წელს საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრისთვის ქვეყანაში მაცხოვრებელთა რაოდენობამ 3,716,900 შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ იანვართან შედარებით 0.2%-ით ნაკლები იყო.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მიგრაციის სტატისტიკა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ ასახავს და მასში შედიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საცხოვრებლად საქართველოში ჩამოდიან.

სტატისტიკის მიხედვით, იმ 105 ათას ადამიანს შორის, ვინც 2019 წელს საქართველო დატოვა, 78% საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 96 ათას ემიგრანტს შორის, ვინც (დროებით თუ მუდმივად საცხოვრებლად) ჩამოვიდა, საქართველოს მოქალაქეთა წილი ამაზე ნაკლები იყო და ის 56.2%-ს შეადგენდა. ამასთან, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

"bm.ge"