ძალოვანი მინისტრების ომი დაიწყო, იგეგმება გახარიას ხავერდოვანი გაშვება პრემიერობიდან, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი?!
ძალოვანი მინისტრების ომი დაიწყო, იგეგმება გახარიას ხავერდოვანი გაშვება პრემიერობიდან, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი?!

A+ A-

18:55 19/03/2020

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალოვანი გუნდი, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

“2020NEWS”-ის ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით, მათ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს. ძალოვნებმა აღნიშნული საკითხი ვირუსთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც დააყენეს დღის წესრიგში. თუმცა, პრემიერი გახარია, ამ დროისათვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინააღმდეგია.

რისთვის არის საჭირო საგანგებო მდგომარეობა და დაიწყო თუ არა გიორგი გახარიას პრემიერობის დასასრულის დასაწყისი?

საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე რომ მმართველ გუნდში კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, ეს დღეს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ღიად დაადასტურა. მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. აქვე კობახიძე ადასტურეს, რომ მიუხედავად იმისა, შემოიღებენ თუ არა საგანგებო სიტუაციას, „არჩევნები დადგენილ ვადაში“ ჩატარდება.

მაშ რისთვის სჭირდება ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა, თუ არა არასასურველი არჩევნების გადადებისთვის, ანდაც ასევე არასასურველი, დასავლეთისგან თავსმოხვეული საარჩევნო მოდელის - 120/30-ზე - ჩაგდებისთვის?

საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროებაზე მსჯელობისას, არც ისაა დასავიწყებელი ამბავი, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საბჭომ უკვე შემოიტანა და დააკანონა ის აკრძალვები და შეღავათები, რასაც მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აკეთებენ ამ ქვეყნების ხელისუფლებები.

მაგალითად: საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე დაწესდა შეზღუდვები ტრასპორტითა და ფეხით გადაადგილებაზე, მიმდინარეობს ტრანსპორტისა და საჯარო დაწესებულებების დეზინფექცია, მოხდა ციხეების იზოლაცია, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა გადაიდო, მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის ვიდეო-გაკვეთილების ჩატარება დაიწყო, ასევე დაწყებულია სამედიცინო და ჰიგიენური საჭიროების ნივთების წარმოება, ბანკის სესხებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შეეხო, დაიწყო სურსათის გაძვირების პროცესის გაკონტროლება, თუ ბიზნესის გაკოტრებისგან დაზღვევა, მზადდება ახალი საკარანტინო ზონები და ა.შ.

რეალურად, როცა ვირუსის ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისკენ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა და ახლა ინფექციური სიტუაციის გამწვავება ყველაზე მეტად მოქალაქეთა თვითშეგნებაზეა უკვე დამოკიდებული, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში საგანგებო მდგომარეობის შემოღება?

რამდენიმე ურჩი მოქალაქის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა. ასეთი მოქალაქეები ესპანეთშიც არღვევენ საგანგებო მდგომარეობის წესებს და მათზე ჯარიმები, ან პატიმრობა ვრცელდება. ჯარიმებამდე და პატიმრობამდე საქართველოს ხელისუფლებაც მალე მივა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც.

ფაქტია, საგანგებო მდგომარეობის შემოღება და შესაბამისად, პოლიციისა და ჯარის ქუჩაში, წესრიგის დასაცავად გამოყვანის აუცილებლობა, საქართველოში ნამდვილად არ დგას. მითუმეტეს, საგანგებო მდგომარეობას შემოიღებენ თუ არა, ეს გავლენას არ მოახდენს საარჩევნო ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო განხილვებსა და ამ ცვლილებების პარლამენტში მიღების პროცესზე.

„როგორც კი სრულდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, იქიდან 60 დღეში ტარდება არჩევნები. ეს ყველაფერი კონსტიტუციითაა გაწერილი. ვფიქრობთ, აქამდე არ მივა საქმე. წესით, ამ გზით წასვლა არ უნდა დაგვჭირდეს. ალბათ, მსოფლიოსა და საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას. „რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე მგონი აქაც არ გვექნება შეფერხება. ვიანგარიშეთ ყველაზე მოკლე ვადა, რომელშიც შესაძლებელია კანონმდებლობის სრული დაცვით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ეს არის 1 თვე და 8 დღე. შესაბამისად, პირობითად, რამდენიმე კვირის განმავლობაში რომც გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეაფერხებს. ვადები ამისთვის საკმარისია“, - განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კორონავირუსის 40 შემთხვევა, როცა ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები უკვე ჩაკეტილია, აღარაა ამ საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა და ქვეყანაში ცხოვრების პირობების უფრო გამკაცრების წინაპირობა. მითუმეტეს, სასწორზე დგას ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც დეპუტატ რომან კაკულიას თქმით, კორონავირუსის გამო, 500-მილიონიან ზარალს მიიღებს.

და თუ ეს ასეა, მაშინ აშკარად, სახეზე გვაქვს ძალოვანი მინისტრების შეთქმულება პრემიერ გახარიას წინააღმდეგ: დღეს თუ ვინმეს აწყობს საქართველოში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის შემოღების მთავარი მომხრეები, სწორედ „ქართუ ჯგუფის“ წიაღიდან მთავრობაში მოსული ძალოვანი მინისტრები არიან.

ცნობილი ამბავია, რომ ისინი გახარიას მთავრობის სხდომებს კი ესწრებიან, მაგრამ რეალურად, არც შინაგან საქმეთა, არც თავდაცვის მინისტრები და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერს რეალურად არ ემორჩილებიან. მათ „ავტონომია“ აქვთ გამოცხადებული და გახარიას „ფეხის დაცურებას“ ელოდებიან.

უფრო მეტიც, ამის ყველაზე დიდი მოლოდინი აქვს სუსის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც რომ არა კორონავირუსის შემოტევა, პრემიერის სავარძელს უკვე დაიკავებდა. 

მისი კანდიდატურა „შუშის სასახლეში“ გახარიას შემცვლელთა სიაში პირველია, ივანიშვილისადმი ერთგულების, „ოცნებისთვის“ სანდოობის ხარისხისა და პარტიული ფეისების გაკონტროლების ნიშნით. გრიგოლ ლილუაშვილი ხომ თბილისის მერისა და „ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მაკონტროლებელ, ყველაზე ეფექტიან პირს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მთავრობაში.

ეს კი იმიტომ, რომ მას ანტიკორუფციულ დეპარტამენტში კალაძის კლანის წარმომადგენელთა შავი დოსიეები და კომპრომატები საიმედოდ აქვს თაროზე შემოდებული და საჭიროების შემთხვევაში გააქტიურებს.

ასე რომ, დღეს თუ ვინმეს უნდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამის მიზანი ერთია, დაჩქარდეს სამთავრობო ცვლილებები და „ქართუელმა“ გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბაროს. თანაც ისე, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით წარმართვის პროცესი (ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სატელევიზიო გამოკითხვებში მთავრობის საქმიანობას), ამ პროცესის უშუალო ხელმძღვანელს, პრემიერ გიორგი გახარიას კი არ „მიეწეროს“, არამედ ახალმა პრემიერმა იზეიმოს პოლიტიკური ტრიუმფი.

თუ ჯარი და პოლიცია აიღებს ხელში ძალაუფლებას, გახარიას პრემიერის სავარძლიდან გადაჯდომა სხვა დაბალ თანამდებობაზე უფრო ხავერდოვნად მოხდება. არჩევნებისთვის კი ხალხის გულებზე ახალი პრემიერი ინადირებს ძველი პრემიერის დადებული შედეგით.

რუსა მუმლაძე