ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და მან ყველანაირი ინფექცია დაძლია - ანა ჯაბაური
ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და მან ყველანაირი ინფექცია დაძლია - ანა ჯაბაური

A+ A-

12:27 21/02/2020

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაციები ვრცელდება. როგორც გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და მან ყველანაირი ინფექცია დაძლია.

"ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია.

ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი.

ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე... ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავალს", - წერს ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.