ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არ არის - დავით ჭიჭინაძე
ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არ არის - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

12:16 20/02/2020

ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არ არის, - ასე აფასებს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

 „ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი. ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს და განიცდის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის აზრით, დღევანდელი განცხადებები მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები კვლავ ძალადობაზე არიან ორიენტირებულნი.

„თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ისინი ისევ და ისევ ძალადობისაკენ არის ორიენტორებულნი და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისაკენ. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის პერსპექტივებს, დავით ჭიჭინაძის აზრით, ის ოპოზიციური გაერთიანება, სადაც შს ყოფილი მინისტრი მივა, უნდა დაიშალოს.

„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, სადაც სხედან, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი, მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ მაგიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს „ოპოზიციური გაერთიანება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, ჭიჭინაძის თქმით, იურისტების გასარჩევია, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს დამხობასთან დაკავშირებით მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება.

„ეს იურისტების გასარჩევია, თუმცა ყურს ძალიან ცუდად მოხვდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანის განვითარებაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას ცივილური განვითარების პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ არასასიამოვნო განცდა გაუჩნდებოდათ. ჩვენ ვიცით, ვინც დაამხეს ამ ქვეყანაში ერთხელ - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და ამის შედეგებს დღემდე ვიმკით. ამ რიტორიკის მატარებელი ადამიანები არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოვის“ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება.

მისივე თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.