მერაბიშვილს, რომელსაც გვამებისკენ აქვს მიდრეკილება, რა პოლიტიკური პერსპექტივა უნდა ჰქონდეს?! - კობა კობალაძე
მერაბიშვილს, რომელსაც გვამებისკენ აქვს მიდრეკილება, რა პოლიტიკური პერსპექტივა უნდა ჰქონდეს?! - კობა კობალაძე

A+ A-

11:32 20/02/2020

“ქართული ოცნების“ დეპუტატი კობა კობალაძე “2020NEWS”-თან ინტერვიუში ციხიდან გამოსული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის  განცხადებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულების შესახებ, უაზრობას უწოდებს.

ამასთან, როგორც დეპუტატი სააგენტოსთან აცხადებს, მერაბიშვილის პოლიტიკური მომავალი პერსპექტიული ვერ იქნება, რადგან საზოგადოებამ მისი პოლიტიკური წარსული კარგად იცის.

კობალაძე არ გამორიცახვს, რომ მერაბიშვილი საპატიმროში დააბრუნონ, რადგან ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კობა კობალაძე:  ამ უაზრობაზე (გულისხმობს მერაბიშვილის განცხადებას) რა შეფასება გავაკეთო?! ადამიანს აქვს მიდრეკილება ორი გვამის თხოვნაზე და სხვანაირად როგორ უნდა ისაუბროს?! ის აფსურდული, უსაფუძვლო და აგრესიული რიტორიკა, რომელიც მათგან მოდის, სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მე ციხისთვის არავინ მემეტება და შესაბამისად, ვნახოთ, რა იქნება.

ქვეყანის განვითარებას, წინსვლასა, ფასეულობებისკენ სვლას, ვიღაცის (გულისხმობს მერაბიშვილს) კონკრეტული ილუზია ვერ შეაფერხებს.

- ბატონო კობა, ვანო მერაბიშვილმა ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, წლის ბოლომდე “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ე.წ. „მატროსოვის ციხის“ კარები გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

- ეს აფსურდია. მერაბიშვილმა გადმოიმხოს თავზე ქუდი, იქნებ ვერავინ იცნოს და პასუხი ვერ მოკითხოს იმ ქმედებებზე, რაც ჩადენილი აქვს. რაზეა საუბარი?!

- ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. თქვენი შეფასებით, შეაბრუნებენ თუ არა მერაბიშვილს საპატიმროში?

- ცალსახა პოზიცია მაქვს იმაზე, რომ თითეულმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რაც სახელმწიფოს, საკუთარი მოქალაქეებისა წინაშე ჩაიდინა. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაურბოდეს. მერაბიშვილის დაკავება სამართლებრივი შეფასების საგანია და ვნახოთ, როგორ იქნება. სამართლებირვი სივრცის შეფასებაში ვერ შევიჭრები. 

- ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ გააქტიურებას აანონსებს. თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იქნება მისი პოლიტიკური მომავალი?

- ვნახოთ, “აღდგომა და ხვალეო“, მოვლენებს წინ ხომ ვერ გავუსწრებთ. ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ნებისმიერ ადამიანს აქვს მოქმედების თავისუფლება იქამდე, სანამ კანონს დაარღვევს. აქედან გამომდინარე, მას ვერავინ შეუზღუდავს პოლიტიკური გემოვნების გამოხატვას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

მერაბიშვილი და მისი რეჟიმი საზოგადოებისთვის რამდენად მისაღებია, ამაზე ხალხს საკუთარი აზრი აქვს. რეალურად, როგორ შეძლებს მერაბიშვილი პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზაციას, ვნახავთ. პირადად იმედი არ მაქვს, რომ მერაბიშვილი პოლტიკაში “ვარსკვლავცვენას“ დაიწყებს. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე