ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს - ვანო მერაბიშვილი
ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს - ვანო მერაბიშვილი

A+ A-

11:12 20/02/2020

"მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს", - ამის შესახებ საპატიმროდან გათავისუფლებულმა სკანდალურმს ექსმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

„მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს.

აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებამ რამდენი საქმეც არ უნდა აღძრას მის წინააღმდეგ, ვერაფერი გატეხავს.

„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს“, - აცხადებს მერაბიშვილი.

ცნობისათვის, თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასეთია: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მერაბიშვილმა სასჯელის შემცირების მიზნით, არაერთხელ მიმართა უდოს კომისიას, თუმცა უწყებამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიმართვა არ დააკმაყოფილა.