ერთი ბინა ვაკეში და ერთი მანქანა - ივანიშვილის "ნდობის რეიტინგის" ლიდერის, ლილუაშვილის "გასუსული" ქონება
ერთი ბინა ვაკეში და ერთი მანქანა - ივანიშვილის "ნდობის რეიტინგის" ლიდერის, ლილუაშვილის "გასუსული" ქონება

A+ A-

17:32 19/02/2020

“2020NEWS“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ალბათობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.

სააგენტო დაინტერესდა, რა ქონებით და საიდან მოვიდა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაში“ და რა ქონებას ფლობს ივანიშვილის „ნდობის რეიტინგის“ ლიდერი სუს-ის შეფი.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილმა 2019 წლის მარტში შეავსო, ირკვევა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ქონება, მომატების ნაცვლად - მცირდება. ლილუაშვილი არ ფლობს არც ძვირადღირებულ ვილებს, აგარაკებს, მიწის ნაკვეთებსა და აპარტამენტებს, არც ანტიკვარული ნივთებით ინებივრებს თავს, არც მოგზაურობით და არც სხვა ფუფუნების საგნებით.

როგორც აღმოჩნდა გრიგოლ ლილუაშვილს მხოლოდ ერთი - 118,78 კვ.მ სახლი აქვს, თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომელიც 2013 წელს 125 ათას დოლარად შეუძენია. ის ასევე ფლობს 2015 წელს 5 ათას დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტომანქანას ნისსან პრიმერა 2003-ს. დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ლილუაშვილს ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი და ორი ვაჟი, ნიკოლოზი და ლაზარე ლილუაშვილები.

დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე მაია ჭეიშვილიც ისეთივე „უპოვარია“, როგორც „ოცნების“ მაღალჩინოსანი. იგი ფლობს ერთ მსუბუქ ავტომანქანას BMჭ X/3, 2006, რომელიც 2016 წელს 7 ათას დოლარად შეუძენია. მის მფლობელობაშია ასევე შპს „ზენიტ ჯგუფი საქართველო“-ს 25% წილი.

დეკლარაციიის შევსების მომენტში გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე მიმდინარე საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა 25 ათას 816 ლარი და 2 ათას 595 დოლარი.
დანაზოგის სახით კი, საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 2 ათასი ლარი ჰქონდა.

მის მეუღლეს, მაია ჭეიშვილს საბანკო ანგარიშზე 606.33 ლარი უფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილს მაშინ, როდესაც თბილისის მერის მოადგილე იყო, ორი ბინა ჰქონდა. აქედან ერთ-ერთი 67,03, კვ.მ ფართობის ბინა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, 2018 წელს 60 ათას დოლარად გაუყიდია.

როგორც დეკლარაციის შესაბამისი გრაფიდან ირკვევა, ლილუაშვილებს თანხა მშენებარე სახლის მშენებლობაში შეუტანიათ და იპოთეკური სესხიც აუღიათ. აღნიშნულ მშენებარე კორპუსში ლილუაშვილები 146 ათას დოლარად შეფასებულ საცხოვრებელ ფართს ფლობენ.
ეს არის და ეს - აქ მთავრდება ლილუაშვილების ოჯახის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც დეკლარაციაშია შეტანილი.

საინტერესოა, რას ჩაწერს ახალ დეკლარაციაში სუს-ის უფროსი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შეავსოს.

ვიდრე ლილუაშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა, სხვა „ოცნების“ მაღალჩინოსნების მსგავსად, ისიც „ქართუელი“ იყო.

ჯერ კიდევ 2004 - 2015 წლებში შპს "ბურჯში", შპს "ქართუ მშენებელსა" და შპს "ოლდ სიტი დეველოპმენტში", დირექტორის თანამდებობები ეკავა. 2015-2016 წლებში "ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას პირველ მოადგილედ დაუნიშნეს.

კულუარებში ამბობდნენ, მომავალი მერი ლილუაშვილიაო, თუმცა მერიიდან პარლამენტში გადანაცვლდა, ხონი-ვანის მაჟორიტარად.

ლილუაშვილის მერიის მაღალჩინოსნობის პერიოდს უკავშირდება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ უნებართვო მშენებლობების სკანდალიც. „სვეტის“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ახლა ციხეში სხედან, ხელი ლილუაშვილისკენ გაიშვირეს, მაგრამ თემა მალევე დახურეს.

სამაგიეროდ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „სვეტის“ დაზარალებულ მენაშენეებს ახარა, ბინებს „ემ კვადრატი“ აგიშენებთო. დაანონსების მიუხედავად, შეჩერებული მშენებლობები ჯერ არ განახლებულა. „ემ კვადრატში“ აცხადებენ, რომ მშენებლობები მარტის დასაწყისიდან დაიწყება.

მარიამ მაჭარაშვილი