ვიდრე ნოზაძე-გელაშვილი ოცნებობენ, ივანიშვილი ხაშურის "საოცნებო" მაჟორიტარად დუგლაძეს ამზადებს - ახალი ალიაქოთი იწყება
ვიდრე ნოზაძე-გელაშვილი ოცნებობენ, ივანიშვილი ხაშურის "საოცნებო" მაჟორიტარად დუგლაძეს ამზადებს - ახალი ალიაქოთი იწყება

A+ A-

19:27 18/02/2020

ხაშურის მაჟორიტარობისთვის დიდი ალიაქოთი ატყდება. “2020NEWS”-ის ინფორმაციით, მათ,  რომლებიც ახლა ხაშურის მაჟორიტარობაზე ოცნებობენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ, რადგან მმართველ პარტიას სულ სხვა კანდიდატზე აქვს თვალი შევლებული. არჩევნებისთვის „თვალშევლებული“ კანდიდატი გომის სპირტის ქარხნის დამფუძნებლის, დიმიტრი დუგლაძის შვილი, დავით დუგლაძეა. 

“2020NEWS"-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ახლახან შესული ვალერი გელაშვილი, მოქმედი მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე და მოქმედი მერი გიორგი გურასპაშვილი “ქართულ ოცნებას“ „შავ დღეში“ აგდებენ საკუთარი კანდიდატურების შეთავაზებითა და პოლიტიკური ვაჭრობით, როგორც ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. მაშინ ადგილობრივი პოლიტიკოსების ამბიციებით გულშეღონებულმა „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ვალერი გელაშვილი და სიმონ ნოზაძე „ერთმანეთზე მიუშვა“, შედეგად სამჯერ ნამაჟორიტარევი გელაშვილი დამარცხდა. 

ამ მუნიციპალიტეტის ორივე მაღალჩინოსანმა სააგენტოსთან დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, ხაშურის მაჟორიტარად 2020 წლის არჩევნებში კვლავ იყარონ კენჭი. 

ქალაქის მერ გურასპაშვილზე კი, ხაშურში ჯერ მხოლოდ ხმები დადის. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოსწონებია ერთ-ერთ შეხვედრაზე და მასაც უნდა მაჟორიტარობაო. არადა, მერობისთვის, ანუ გამარჯვებისთვის გიორგი გურასპაშვილს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური დასჭირდა და ახლა, ნაკლებად სავარაუდოა, მასზე ვინმემ გათვლა გააკეთოს. მითუმეტეს, ოპოზიცია ერთიანია და ხაშურშიც შეთანხმებულ კანდიდატს გაუშვებენ.

(ფოტო: დავით ღოღობერიძე)

ვიდრე იმ კანდიდატზე გადავიდოდეთ, ვისზე გათვლასაც „ოცნება“ აკეთებს, მანამდე შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილი “2020NEWS“-თან საუბრისას 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარად კენჭისყრის სრულ მზადყოფნას აცხადებს.

„მსურს კიდევ ერთხელ გავხდე ხაშურის მაჟორიტარი“, - აცხადებს სამგზის ხაშურის ექსმაჟორიტარი ვალერი გელაშვილი, რომელსაც ამდენჯერ მაჟორიტარობა კიდევ არ მოსწყინდა და იძახის, ყველაფერმა მიჩვევა იცისო. 

როგორც ჩანს, მიჩვევის ამბავში მას არც ამ მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ჩამორჩება, რომელმაც ამავე ვალერი გელაშვილის დამარცხებისა და პარლამენტში შესვლის შემდეგ, “ქართულ ოცნებასთან“ ერთად ფრაქცია შექმნა. ახლა კი „ქართული ოცნების“ ხელდასმით უნდა წავიდეს მაჟორიტარად ხაშურში. 

თუმცა, უშიშროების მაღალჩინოსანი ნოზაძე უფრო დიმპლომატიურია თავის გადაწყვეტილების გახმაურებისას, ვიდრე ხისტი და რამდენჯერმე ნამაჟორიტარევი ბიზნესმენი გელაშვილი. 

როგორც სიმონ ნოზაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, მისი სურვილია, რომ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი კვლავ გახდეს, თუმცა ეს მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ არის. 

“ვიყრი თუ არა ხაშურის მაჟორიტარად კენჭს, ეს მარტო ჩემზე არ იქნება დამოკიდებული. რამდენიმე ადგილობრივ ხემძღვანელებთან და კანდიდატებთან საუბრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ასე მგონია, ხაშურში ჩემი მაჟორიტარობის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელი. ის დრო, როდესაც ქარხნები იმდენი იყო, რომ მუშახელი არ ყოფნიდა, წავიდა. ამიტომ შევქმენით ხაშურის განვითარების ახალი კონცეფცია. გუბერნატორთან და მერთან ერთად ბევრი საქმის გაკეთება შევძელით“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ. 

ნოზაძის „დიპლომატიურობა“ კიდევ უფრო შორს მიდის და დღეს, როცა ვალერი გელაშვილის დეპუტატად ცნობის საკითხი დადგა პარლამენტის სხდომაზე, სიმონ ნოზაძემ ყოფილი კონკურენტი ამ ფარზებით შეამკო: „ვალერი გელაშვილი სანიმუშო არის იმ თვალსაზრისით, რომ მთელ თავის შესაძლებლობებს, თავისი ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს ის ხაშურს ახმარს. მე დიდი სიამოვნებით ვაფიქსირებ, რომ ჩვენ, მეც და ვალერიც, როგორც ხაშურლებს პარლამენტში მოგვიწევს მუშაობა“.

 

(ფოტო: დავით ღოღობერიძე)

სამაჟორიტარო ამბიციების „დანაწილებას“ როგორ აპირებენ ხაშურის მოქმედი დეპუტატები, საინტერესო სწორედ ესაა. თანაც, როცა გამგებელსაც დიდი და ფარული სურვილები აქვს, გახდეს ამ მუნიციპალოიტეტის მაჟორიტარი. 

სავარაუდოდ, მათი ამბიციები მას შემდეგ დაოკდება, რაც დავით დუგლაძე „ოცნების“ შეთავაზებას მიიღებს და დაფიქრდება, ხაშურის მაჟორიტარობა უნდა თუ არა. გარდა იმისა, რომ გომის სპირტის ქარხანა მისია, ღვინის კომპანია „დუგლაძეც“ მისია. ბიზნესმენ დუგლაძეს, ამ მოქმედი დეპუტატებისა და მერისგან განსხვავებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის პოლიტიკური ამბიციებით თავი არ მოუბეზრებია. ხალხი დასაქმებული ჰყავს, შესაბამისად, გელაშვილი-ნოზაძე-გურასპაშვილის ფონზე ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. 

(ფოტო: დავით ღოღობერიძე, ნაცრისფერი მაისურით დავით დუგლაძე)

თუმცა, მისი საქმიანობაც მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, თანაც არც თუ ისე დადებით კონტექსტში. ამ სტატიაში მისი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილის ძმების „შავ ბიზნესკავშირებზეა“ საუბარი. 
საინტერესოა ისიც, რომ დავით დუგლაძე 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისი დამფინანსებელი გახდა. დუგლაძის გაღებული პოლიტშემოწირულობების, რომელიც 180 ათას ლარს შეადგენს, ისტორია ასეთია: 

11.10.2018 წელი - 10 000 ლარი - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი; 
09.08.2017 წელი - 60 000 ლარი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; 
22.09.2016 წელი - 50 000 ლარი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; 
31.07.2012 წელი - 60 000ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ .

 

ჩვენი ინფორმაციით, დუგლაძეს ხაშურის მაჟორიტარობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც უნდოდა. მაშინ მას გელაშვილმა აჯობა. ივანიშვილის ძმებთან, ადიკოსა და ალექსანდრესთან დაახლოებულ დუგლაძეს გელაშვილმა როგორ აჯობა, გაურკვეველია, მაგრამ ალბათ, იმიტომ „აჯობა“, რომ მაშინ „ოცნებაში“ ვალერი გელაშვილი „დააოკეს“, რათა გვერდზე არ გამხდარიყო და თან სიმონ ნოზაძესაც არ შეუშალეს ხელი, ეყარა კენჭი. მოკლედ, მაშინ ისინი ერთმანეთზე მიუშვეს და ნოზაძემ გაიმარჯვა. 

საბოლოოდ, გელაშვილი-ნოზაძის სადეპუტატო ორთაბრძოლა იმით დასრულდა, რომ არჩევნებზე „სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაჯახებულები“, ამავე პარლამენტის საქმიანობის ვადის ამოწურვამდე, საკანონმდებლო ორგანოში მაინც ერთად მოხვდნენ. 

ვალერი გელაშვილის პარლამენტში მოხვედრის გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ მიიღეს უმრავლესობაში, რაც მან სხვა პარტიებისკენ გაიწია. იგი სხვა პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ღიად აფიქსირებდა, რომ 2020-თვის კენჭისყრას აპირებდა, ოღონდ უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის ამპლუაში, პარტიის გარეშე.

ვისაც არჩევნები კარგად ესმის, ამ ტიპის ლაპარაკი წინასაარჩევნოდ იმას ნიშნავს, რომ გელაშვილს საკუთარი კანდიდატურა და შესაძლებლობები სავაჭროდ ჰქონდა გამოტანილი პოლიტიკურ სივრცეში. „ოცნებამ“ ყველას დაასწრო და პარლამენტში შეყვანით მისი „გვერდზე გახედვები“ ოპოზიციისკენ დროებით, ისევ დააოკა. 

თუმცა, ნურავინ დაიჯერებს, რომ გელაშვილი პოლიტიკურ თამაშსა და ვაჭრობას 2020 წლის არჩევნებისთვის შეწყვეტს. რადგან ის უკვე სამჯერაა ნადეპუტატევი ამ მუნიციპალიტეტში, თუ მაჟორიტარობას არა, „ერთგულებისთვის“ სიაში ადგილს მაინც გამოსტყუებს „ქართულ ოცნებას“. მმართველ ძალასთან თავისი საარჩევნო რესურსით, ანუ მხარდამჭერებით “ივაჭრებს“ სიმონ ნოზაძეც, ისიც სიაში ადგილისთვის, თორემ გელაშვილი-დუგლაძის სადეპუტატო ომში, ძნელი სავარაუდოა, რაიმე გამოუვიდეს. 

ფაქტია, ამ მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნო და ყველასთვის საინტერესო „კლოუნადა“ წინ აქვს. მითუმეტეს, ხაშური იმ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოში, ორი დეპუტატი რომ ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში მოკალათებული. ამხელა გავლენიანი „დიდი კაცების“ „ყოლა-ქონის“ მიუხედავად კი, მუნიციპალიტეტის გაღარიბებულ მოსახლეობას სიკეთის არაფერი ემჩნევა. 

დაატყობს თუ არა ამ მუნიციპალიტეტს ხელს უმცროსი დუგლაძე, არავინ იცის. ბიზნესი ვალერი გელაშვილსაც აქვს, მაგრამ ხაშურს მისი დეპუტატობის სიკეთე დიდად მაინც არ ეტყობა.

რუსა მუმლაძე