საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხი ევროკავშირის ანგარიშში მოხვდა
საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხი ევროკავშირის ანგარიშში მოხვდა

A+ A-

19:21 07/02/2020

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი - ეს პუნქტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 29-გვერდიან ანგარიშში მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა.

„სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხარებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ქმედებები გააძლიერა და ადმინისტრაციულ საზღვარსა და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის კონტროლირებადი გამშვები პუნქტები მრავალჯერ დახურა.

ამან გამოიწვია ადამიანებისთვის დამატებითი სირთულეები და ასევე ინციდენტები, რომელიც მოიცავდა დაკავებებს და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიუწვდომობით გამოწვეულ სიკვდილს.

გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა.

ევროკავშირი კვლავ სრულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის ასევე აქტიური ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით და სამხრეთი კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს.

საქართველო კვლავ ჩართული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. რაც შეეხება შეხვედრებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 2019 წელს მხოლოდ ერგნეთის შეხვედრები ჩატარდა.

მექანიზმმა განაგრძო მოქმედება, როგორც მნიშვნელოვანმა ფორუმმა დაძაბულობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბერში, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის დროს.

გალის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არ ჩატარებულა. მთავრობამ დაიწყო საკუთარი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობას და ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის შექმნას ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ინიციატივის მხარდასაჭერად ფონდის დაფუძნების საშუალებით.

უნარების განვითარებაზე მიმართული ევროკავშირის დახმარება (არაფორმალური სწავლება, პროფესიული განათლება და ტრენინგები) აფხაზეთზეც ვრცელდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.