ვროცლავში, ერთ-ერთ მოედანს ქართველი ოფიცრის სახელი ეწოდა
ვროცლავში, ერთ-ერთ მოედანს ქართველი ოფიცრის სახელი ეწოდა

A+ A-

16:55 29/01/2020

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ერთ-ერთ წრიულ მოედანს „პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების“ სახელი ეწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ელჩი პოლონეთში, ილია დარჩიაშვილი ავრცელებს.

პოლონეთის არმიაში არაერთი ქართველი ოფიცერი მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართველი იუნკრების ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და მათ სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთისა და საბერძნეთის არმიაში.

თუმცა, უმეტესობა პოლონეთის არმიაში წავიდა. რამდენიმე ქართველი, რომელიც პოლონეთის არმიაში მსახურობდა, კატინის ტყეში დახვრიტეს.

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, არის ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის საკონტაქტო ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერიც, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში.