გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

A+ A-

16:46 21/01/2020

ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.
სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.
გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ პოსტებზე.

გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ბევრი ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ღირსეულ, პატიოსან პროფესიონალად ახასიათებს.

ბიზნესმენ ადეიშვილის საქმე
 
ბიზნესმენი დავით ადეიშვილი შპს „ლეონის“ 50%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი იყო. კომპანია ეწეოდა, მათ შორის - SONY-სა და YAMAHA-ს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას. წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადეიშვილს წლებია ადვოკატირებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ორგანიზაციის ინფორმაციით:

2009 წლის 20 აგვისტოს, გვიან ღამით, დავით ადეიშვილი სახლიდან წაიყვანეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა;

ფინანსურ პოლიციაში ადეიშვილი დაკითხეს და ბრალად წაუყენეს ჯერ თაღლითობა, ხოლო შემდგომ - კრედიტის მოტყუებით მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი);

ფინანსურმა პოლიციამ მოტყუებით გადაიფორმა შპს „ლეონის“ 100% წილი;

9 თვის განმავლობაში დავით ადეიშვილი არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს; შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, შვილების მისამართით მუქარის გამო, ბრალის აღიარება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო;


საბოლოოდ, ადეიშვილმა მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას და გადაიხადა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით;


მისი კომპანია გაკოტრდა, მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოს კუთვნილება გახდა.

„საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დავით ადეიშვილის მიმართ წარმართულ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქმის გამომძიებელი პროკურორი - ირაკლი შოთაძე... საბრალდებო დასკვნას მისი ხელმოწერა აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

წყარო: რადიო თავისუფლება