ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის კინოფესტივალზე ოთხი პრიზი მიიღო
ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის კინოფესტივალზე ოთხი პრიზი მიიღო

A+ A-

11:17 21/01/2020

ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის მთავარ კინოფესტივალ The Guldbagge Awards-ზე ოთხი პრიზი მიიღო, მათ შორის, კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადაეცა მსახიობ ლევან გელბახიანს.

გარდა ამისა, ფილმს გადაეცა კინოდაჯილდოების მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. “და ჩვენ ვიცეკვეთ-ს” გადაეცა პრიზები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო სურათის კატეგორიაში. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.

ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. რაც შეეხება The Guldbagge Awards-ს, ეს არის შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოება, რომელსაც შვედეთის ფილმის ინსტიტუტი 1964 წლიდან ატარებს.

აღნიშნული ჯილდოს პირველი ლაურეატი იყო ცნობილი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი ფილმისთვის “სიჩუმე”.