“მამუკა ბახტაძემ მილიონობით ლარი მიითვისა“- დღგ-ების სკანდალში გახვეული კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი სახელდება
“მამუკა ბახტაძემ მილიონობით ლარი მიითვისა“- დღგ-ების სკანდალში გახვეული კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი სახელდება

A+ A-

14:24 20/01/2020

დღგ-ების ქურდობის საქმეში, რომელიც “საუკუნის ძარცვის“ სახელით არის ცნობილი, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი ჩნდება.

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “2020NEWS“ - თან აცხადებს, რომ ბიუჯეტის ძარცვის სქემაში ჩართული იყო ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე, რომელსაც დღგ-ების სქემიდან მილიონობით ლარი უკანონოდ აქვს მითვისებული.

“დღგ-ს ქურდობის საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იყო გარეული. ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერი გახდა და შესაბამისად, მის გარეშე ბიუჯეტიდან ფულს ვერავინ მოიპარავდა.

ჩემი ინფორმაციით, ბახტაძეს დღგ-ების ქურდობის სქემიდან მილიონები აქვს მითვისებული. რამდენიმე ათეულობით მილიონზეა საუბარი .

ეტყობა, მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ღრღნის დაკვეთა აქვთ მიღებული და  მთავრობა მღრღენელებით ამიტომ არის გავსებული. დრო მოვა და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ეს დანაშაული მაინც არ დაიმალება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა აღნიშნული ბრალდების დამამტკიცებელი საბუთი? ჭიჭინაძე  პასუხობს, რომ ამ ინფორმაციას დამტკიცება არ სჭირდება, რადგან ამ საქმეში ბახტაძის ბრალეულობა ისედაც ნათელია.

„ამ ინფორმაციას დამტკიცება არ სჭირდება. “აიტიშნიკები“ არიან ამ ინფორმაციის ყველაზე დიდი დამამტკიცებელი საბუთები“,- განაცხადა დავით  ჭიჭინაძემ.

ინფორმაციისთვის, დღგ-ს საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა გოჩა ბახიამ  ბოლო სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “700 მილიონი ლარის მოპარვის სქემის მთავარი ფიგურანტი ექსპროკურორი ოთარ ფარცხალაძეა“.

მისივე განცხადებით, ასევე, ამ სქემაში ჩართულები იყვნენ და ბიუჯეტის ძარცვისგან ფინანსური სარგებელი ფარცხალაძის ყოფილმა მოადგილემ, ახლა კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლემ მამუკა ვასაძემ და  ფინანსური პოლიციის უფროსმა სოსო რამიშვილმა მიიღეს.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბების საქმეზე გამოძიება 2019 წელს დაიწყო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე