ამერიკული მხარე ითხოვს, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით აშენდეს
ამერიკული მხარე ითხოვს, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით აშენდეს

A+ A-

10:02 14/01/2020

„ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს და ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს“, -  სწორედ ეს გზავნილი დაუტოვა საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს უესლი კლარკმა.

ნატოს გადამდგარი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, გავლენიანი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პრაიმერში მონაწილეობდა, -  თბილისში რამდენიმე დღით სწორედ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ანაკლიის პროექტის ბედი ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ საეჭვო და ბუნდოვანი გახდა.

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებსა და ამერიკის გადამდგარ გენერალს შორის დახურული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. „ფორმულას“ ინფორმაციით, უესლი კლარკმა ხაზარაძეს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გააცნო და ხელისუფლებასთან შეთანხმება შესთავაზა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, უესლი კლარკი პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს. მთავარი საკითხი პროექტის ამერიკული მხარის მონაწილეობით განხორციელება და რუსულ და ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმა იყო. მმართველ გუნდში ამერიკელი გენერლის ვიზიტსა და შეხვედრის დეტალებზე კითხვებს არ პასუხობენ. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სახელმწიფომ ხელშეკრულება 8 იანვარს შეუწყვიტა. 9 და 10 იანვარს კი საგანგებო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი გენერალი, ამერიკის მთავარი გზავნილით, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლელი ინვესტორების მიერ. 

წყარო: ფორმულანიუსი