2019 წლის ტოპ - 10 "ფეიკნიუსი"
2019 წლის ტოპ - 10 "ფეიკნიუსი"

A+ A-

11:56 29/12/2019

მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2016 წლიდან „ფეიკნიუსი“ ყოველდღიურ ხმარებაში შემოვიდა, ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ძლიერდება არასაიმედო ინფორმაციის გავრცელების მეთოდები მთელ სამყაროში.

 

2019 წელს მაყურებელს უხდებოდა გზის გაკვლევა მანიპულირებულ ვიდეოებში, რეალობად რომ ასაღებდნენ თავს, ანონიმური ტროლების მიერ შექმნილ ბლოგებსა და დაუსაბუთებელ თეორიებში, რომ აღარაფერი ითქვას საინფორმაციო საშუალებების, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირების მიერ არასწორი და დამაბნეველი ინფორმაციების გავრცელების მრავალ რუტინულ მაგალითზე.​

 „უკრაინის ჩარევის“ თეორია

ეს დაუსაბუთებელი თეორია უშუალოდ თეთრი სახლიდან მოდის. მიმდინარე წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არაერთხელ განაცხადა, რომ, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურად მგრძნობიარე სერვერის ხელში ჩაგდებით, უკრაინა ჩათრეული აღმოჩნდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებისკენ მიმართულ კიბერთავდასხმაში.

“ამბობენ, რომ სერვერი უკრაინელებს აქვთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ზელენსკისთან, ივლისში გამართულ სატელეფონო საუბარში, რომლის სტენოგრამის შავი პირი მოგვიანებით გასაჯაროვდა. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, 22 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა ეს თემა განავრცო: „იცით, გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) არასოდეს ჰქონია ამ სერვერთან წვდომა. ... რატომ გადასცეს იგი უკრაინულ კომპანიას? რატომ?“

ფიონა ჰილი: “ეს არის გამოგონილი ნარატივი, რომელიც შეთითხნეს და გაავრცელეს თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა“.

ტრამპს მხედველობაში ჰქონდა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike, რომელმაც გააანალიზა 2016 წლის თავდასხმის გამო კომპრომეტირებული სერვერები. აღნიშნული კომპანია კალიფორნიაში მოქმედებს და არა უკრაინაში, ხოლო მისი მფლობელია ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქე, რომელიც ბავშვი იყო, როდესაც რუსეთიდან ემიგრირდა. თუმცა CrowdStrike-მა ასევე დაასკვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმები რუსეთიდან მოდიოდა და არა უკრაინიდან.

მაგრამ რატომ გაამახვილეს ყურადღება ტრამპმა და მისი გარემოცვის წევრებმა უკრაინიდან ჩარევაზე? დაზვერვის გარკვეული წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მოვლენის თეთრი სახლისეული ვერსია ისეთივეა, როგორიც მოსკოვმა წარმოადგინა.

“ეს არის გამოგონილი ნარატივი, რომელიც შეთითხნეს და გაავრცელეს თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა“, - განაცხადა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა, რუსეთის საკითხების სპეციალისტმა ფიონა ჰილმა, კონგრესში გამართულ საიმპიჩმენტო მოსმენაზე.

აშშ-ის დაზვერვის სამმა წარმომადგენელმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში დაადასტურა ჰილის ჩვენება. „მრავალწლიანი კამპანიის შედეგად რუსეთი ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს უკრაინა ყოფილიყოს იმაში დამნაშავე, რომ მოსკოვმა 2016 წლის არჩევნების დროს სერვერები გატეხა“, - უთხრეს აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლებმა „ნიუ-იორკ ტაიმსს“.

 

მითი „ძალადობრივი უკრაინიზაციის“ შესახებ

ერთ-ერთმა რუსულმა სახელმწიფო ტელეარხმა მაყურებელი გააფრთხილა მოქალაქეების მიმართ ჩაფიქრებული იმ მოსალოდნელი „სახელმწიფო დანაშაულის“ შესახებ, რომელიც განხორციელდება, თუ კიევი კონტროლს აღადგენს ამჟამად პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

ამ ე.წ. ეთნიკური და ენობრივი წმენდის შესახებ, რომელზეც, რუსული წყაროს მტკიცებით, უკრაინის მთავრობის მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტშია საუბარი, ტელემაყურებლები გააფრთხილა ტელეკომპანია „როსია 1“-ის წამყვანმა ოლგა სკაბეევამ.

 

„ინტერნეტში გავრცელდა უკრაინის უშიშროების საბჭოს სრულიად საიდუმლო გეგმა. ძალიან მოკლედ: საზღვარზე კიევის კონტროლის დამყარების შემდეგ დონბასის მცხოვრებლებს ემუქრებათ წმენდა, დეპორტაცია და ტოტალური უკრაინიზაცია. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: თუ უკრაინულად ლაპარაკობ, დარჩები, თუ არა, ჩემოდანი ხელში, ვაგზალი და, ჰერი, რუსეთისკენ. ეს - ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში - ძალადობრივი გადასახლება ლვოვში, სადაც მოგარჯულებენ, ჩამოგაყალიბებენ პატრიოტად და ბენდერელად“, - განაცხადა ოლგა სკაბეევამ ნოემბრის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.

რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივმა რუსელენოვანმა ტელეკომპანია „ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ და ფაქტების შემსწავლელმა ვებსაიტმა StopFake.org-მა, აღმოაჩინეს, რომ კიევის მხრიდან დონბასში მცხოვრები რუსების „ძალადობრივი უკრაინიზაციისა“ და დეპორტაციის გეგმის შესახებ ცნობები უმთავრესად სეპარატისტების მედიარესურსების მიერ იყო გავრცელებული.

უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „როსსია 1“-ის მიერ ნახსენები საიდუმლო გეგმა ბუნებაში არ არსებობს.

„რუსეთი განაგრძობს ფეიკნიუსების გავრცელებას. რუსეთის ხელისუფლებას ეს სჭირდება მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად. ამაზე დიდი სისულელე ძნელად წარმოსადგენია“, - განაცხადა დანილოვმა.

 

ყალბი ამერიკული სამხედრო ბლოგი

ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა მწვავედ გააკრიტიკა წვრთნის პროცესში მონაწილე უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დაახასიათა როგორც „დაბალი ინტელექტის“ მქონე „უქნარები“ . ისინი გაუნათლებელი, ხარბი და კორუმპირებულები არიან, უარს ამბობენ ინგლისური ენის სწავლაზე და ძირითადად დროს ლოთობაში ატარებენო, - წერდა ოფიცერი.

სინამდვილეში უკრაინელი ჯარისკაცების შეურაცხმყოფელი განცხადება დაუდგენელი ტროლის ნახელავი აღმოჩნდა. ყალბი განცხადება იავოროვის პოლიგონზე დისლოცირებული გაერთიანებული მრავალეროვანი საწვრთნელი ჯგუფის, „უკრაინის“, მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ რობერტ ტრეისის ე.წ. პირად ბლოგში გამოქვეყნდა.​

ეს ცნობა სწრაფად აიტაცეს უკრაინულმა და რუსულმა საიტებმა, ვიდრე სიყალბეს ბოლომდე აეხდებოდა ფარდა აშშ-ის სამხედრო სარდლობის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ბლოგი თვითმარქვია პირის ნახელავი იყო.

 

ნამდვილი ბლოგი, რომელზეც კრიტიკული პოსტის გარდა სხვა თითო-ოროლა ცნობა თუ იყო გამოქვეყნებული, სწრაფად აიღეს ინტერნეტიდან.

უკრაინული სამხედრო უწყების წარმომადგენელმა, ბოჰდან სენიკმა, ფეიკურ ბლოგს „პროვოკაცია“ უწოდა. ვაშინგტონში მდებარე კვლევითმა ცენტრმა კი, „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენმა“, ასეთი რამ დაწერა: „შინაარსი და გამოქვეყნების დრო დამაჯერებლად ცხადყოფს, თუ რა იყო ამ სადეზინფორმაციო ოპერაციის საბოლოო მიზანი: ამერიკულ-უკრაინულ ურთიერთობებში ბზარის შეტანა უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების წინ“.

 

გრეტა თუნბერგი - ფეიკების გრიგალში

ფეიკნიუსების ნამდვილი გრიგალი დაატყდა თავს შვედ ბუნებისდამცველ აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, გაეროს ტრიბუნიდან თავისი გამოსვლით ცნობილ სკოლის მოწაფეს, რომელიც 2019 წელს ჟუნალმა „ტაიმმა“ წლის ადამიანად აღიარა.

გრეტა თუნბერგი: „დღეში, სულ მცირე, ერთი შეთქმულების თეორია ვრცელდება“.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, თუნბერგი გამოგონილი პერსონაჟია, რომელსაც „კრიზისული სცენების მსახიობი“, ესტელა რენე, უნდა თამაშობდეს. ამ თეორიას ფარდა ახადა ფაქტების დამდგენმა ვებსაიტმა Snopes-სმა.

მრავალრიცხოვანი არაკეთილმოსურნეები გრეტას უწოდებენ ასევე პიარკამპანიისა თუ შვედეთის მთავრობის მარიონეტს.

Politifact-მა ფარდა ახადა ფოტომონტაჟს. ერთზე თინეიჯერი აქტივისტი თითქოსდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინაშეა გამოსახული, მეორეგან - მილიარდერ ჯორჯ სოროსთან ერთად.

ფართოდ გავრცელდა დამონტაჟებული ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოიპოვებს გრეტა თუნბერგი ოქროს 1989 წელს.

ინტერნეტით თავდასხმები შვედ აქტივისტზე იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ ძნელი იყო თვალის მიდევნება მათ წყაროებზე, მაგრამ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახერხა გრეტას დისკრედიტაციით დაკავებული ლობისტების რუკის შედგენა.

„დღეში, სულ მცირე, ერთი შეთქმულების თეორია ვრცელდება“, დაწერა გრეტა თუნბერგმა თავის ფეისბუკში.

 

სიყალბე ნატოს კიბოსა და ნატოს იერიშებზე

სექტემბერში რუსეთმა და სერბეთმა ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ხელშკრულებას კიბოს კვლევისა და მკურნალობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ რამდენიმე სერბულმა წამყვანმა ტაბლოიდმა ამ ხელშკერულების ამოცანად დაასახელა ასევე ნატოს მიერ 1999 წელს ბალკანეთში განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამოძიება.

ჭორებს დიდი ბიძგი მისცა სერბეთში რუსეთის ელჩის, ალექსანდრ ბოსტან-ხარჩენკოს, კომენტარებმა. „რუსეთი ასევე მზადაა გამოიძიოს ნატოს დაბომბვის შედეგი, რაც საკმაოდ აშკარად აისახება ონკოლოგიურ ავადმყოფებზე“, - მოჰყავს რუსი დიპლომატის სიტყვები სერბულ ყოველდღიურ გამოცემა „Blic“-ს.

ზოგიერთი სერბი პოლიტიკოსი და აქტივისტი დაჟინებით მოითხოვს და კანონიერად მიიჩნევს საავიაციო დაბომბვის შედეგების გრძელვადიან გამოძიებას, განსაკუთრებით ისეთი საბრძოლო ჭურვების გამოყენებით, რომლებიც ე.წ. „გამოფიტულ ურანს“ შეიცავს.

მაგრამ არავითარი დამაჯერებელი გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა. მეტიც, რუსეთ-სერბეთის შეთანხმებაში, რომლის ასლიც მოიპოვა რადიო თავისუფლების ბალკანურმა სამსახურმა, არაფერია ნათქვამი 1999 წლის ნატოს დაბომბვის კამპანიისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი შესაძლო გავლენის გამოძიების შესახებ.

 

„ენის ბორძიკით“ მოლაპარაკე ნენსი პელოსი

მაისში ვირუსივით გავრცელდა ხანმოკლე ვიდეო, რომელზეც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი, ენის ბორძიკით წარმოთქვამს სიტყვას. ნუთუ მთვრალია? ნარკოტიკებითაა გაჭყეპილი თუ ავადაა? - ასეთ კომენტარებს მრავლად ტოვებდნენ სოციალურ ქსელში გავრცლებულ ამ ვიდეოზე.

მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სიმართლე.

გაირკვა, რომ ვიდეოკადრი შენელებულია, შეცვლილია ტონალობა, დამახინჯებულია პელოსის ხმა და მოძრაობა.

მაგრამ მილიონობით ადამიანმა ნახა და გაიზიარა დამონტაჟებული ვიდეოვერსია, რომელიც აიტვირთა ფეისბუკის გვერდზე Politics WatchDog. კომენტარებში პელოსს უწოდებდნენ „მთვრალ“ და „უშნო“ ქალს. წამყვან მედიასაშუალებებს სურდათ გამოევლინათ ფაქტების დამახინჯება, მაგრამ ფეისბუკმა უარი თქვა წაეშალა პირვანდელი ვერსია და განაცხადა, „ჩვენი პოლიტიკა არ ითვალისწინებს იმას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფეისბუკზე ავრცელებთ, აუცილებლად სიმართლე უნდა იყოსო“.

მაგრამ წლის ბოლოს გიგანტურმა სოციალურმა მედიამ აამოქმედა ახალი პოლიტიკა იმ საეჭვო პოსტების გამოსავლენად, რომლებიც ფაქტების შემსწავლელმა დამოუკიდებელმა ჯგუფებმა „ყალბ ინფორმაციად“ მიიჩნიეს.

 

„სამხედრო დანაშაული“ პორნოგრაფიული მონტაჟით

მაისში, კოსოვოს პარლამენტში სერბეთის მხრიდან ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთმა კანონმდებელმა ჟურნალისტებს აჩვენა ფოტო, რომელზეც თითქოსდა სერბი ჯარისკაცები ალბანელ ქალს აუპატიურებენ. მაგრამ ინტერნეტით ფოტოების შემოწმების მარტივმა სისტემამ (ე.წ. reverse-image searches) ცხადყო, რომ კადრი აღებული იყო პორნოფილმიდან, რომლის ერთ-ერთ სცენაზე ერაყში მომხდარი გაუპატიურებაა ასახული.

ამ ინციდენტმა შეძრა მრავალი კოსოვოელი. ბევრი შიშობდა, რომ ამ სიყალბეს გამოიყენებდნენ 1998-1999 წლების ომის დროს სექსუალური ძალადობის უტყუარი მტკიცებულებების დიკსრედიტაციის მიზნით. ოფიციალური პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, კონფლიქტის დროს სერბული სამხედრო ძალების მხრიდან, დაახლოებით, 20 ათასი ქალი და კაცი იქნა გაუპატიურებული.

როდესაც სპეციალურმა პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება, დეპუტატმა ფლორა ბროვინამ განაცხადა, რომ ფოტო მას მისცა ერთმა აქტივისტმა, რომელმაც უთხრა, რომ სავარუდო მსხვერპლი ცოცხალია და კოსოვოში ცხოვრობს. ბროვინმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და მათი ოჯახების წინაშე და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს იმის გამო, რომ არ შეამოწმა გამოსახულების ნამდვილობა.

 

პუტინის უნივერსალური რობოტები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დაათვალიერა, როგორც სააგენტო „რია-ნოვოსტი“ იუწყება, ელიტარული სამხედრო სკოლის კადეტების მიერ შექმნილი „რუსული სამხედრო რობოტები“. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ აღუფრთოვანებია რუსეთის პრეზიდენტი კადეტთა „გამომგონებლობას“.

 
Embedded video
 
 
მაგრამ დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ზნაკის“ ცნობით, რობოტები არც რუსული ყოფილა და არც კადეტებს გამოუგონებიათ. სოციალური ქსელების რუსმა მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მოდელები სხვა არაფერია, თუ არა კორეული წარმოშობის სათამაშოები, რომელთა ყიდვაც Amazon-ში არის შესაძლებელი.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ ევროკავშირის საიტზე აღნიშნულია, რომ ეს არ არის კრემლის მიერ მოწონებული რობოტების დამაბნეველი ისტორია. 2019 წელს სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ით გადაიცა კადრები, რომლებზეც „ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე რობოტი“, სახელწოდებით ბორისი, სკოლის მოწაფეებთან ერთად ცეკვავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბორისი ყოფილა რობოტის კოსტიუმში გამოწყობილი ჩვეულებრივი ბიჭი.

 

„ჩვილების ბაზრობა“ ბრიუსელში

„გეები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ ბრიუსელში გამართულ ბავშვთა ბაზრობაზე, სადაც სრულიად ლეგალურად შეიძლება ჩვილი ბავშვების ყიდვა-გაყიდვა“, აცხადებდა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ “ენ-ტე-ვეს“ წამყვანი.

ტელეარხის თანახმად, ბრიუსელის სექტემბრის ბაზრობაზე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს გარკვეულ საფასურად შეეძლოთ ჩვილი ბავშვების შეძენა. სინამდვილეში კი იყო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა გეი წყვილებისა და სუროგატი დედების ერთმანეთთან შეხვედრას. სუროგატობა კანონიერია რუსეთსა და ევროპის რამდენიმე ქალაქში, ჩვილი ბავშვების ყიდვა - არა. ტელეკომპანია „ენ-ტე-ვემ“ კი წარმოადგინა როგორც მდიდარი ელიტების ღონისძიება.

ასეთი დახასიათება ეწინააღმდეგება შეხვედრის ორგანიზატორთა მისიას. კონფერენცია, სახელწოდებით „მამაკაცები აჩენენ ბავშვებს“, მიზნად ისახავდა იმ გეი პირების დახმარებას, მათ შორის ფინანსურად, რომლებსაც სურთ მშობლები გახდნენ.

ვებსაიტმა „ევროკავშირი Vs დეზინფო“ (EUVs Disinfo) რუსული ტელეარხის რეპორტაჟს უწოდა „პროაქტიული დეზინფორმაცია“, რომელიც მიზნად ისახავს „დასავლეთის მორალური გახრწნისა და დეგრადაციის შესახებ“ რუსული ნარატივის გაძლიერებისკენ მიმართული მძაფრი ემოციების პროვოცირებას“.

 

ჰომოსექსუალობა ესტონურად

ლგბტ პირებზე ცალკე თავდასხმის შემთხვევაა სანკტ-პეტერბურგის კერძო ტელეარხ „ტვ-5“-ის რეპორტაჟი, რომელშიც ესტონეთი „სოციალური და მორალური ოკუპაციის“ მსხვერპლად, ხოლო დედაქალაქი ტალინი „სკანდინავიის გეიდედაქალაქად არის წარმოსახული“. რეპორტაჟის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნების კვალობაზე, „გეი განათლება ესტონეთის დედაქალაქშიც იმდენად მოდურია, რომ მას ვერაფერი შეაჩერებს“.

იმისათვის, რომ ესტონეთი შერყვნილი მორალის ქვეყნად წარმოეჩინათ, რუსული „მე-5“არხის ჟურნალისტებმა საკუთარი თავი გაასაღეს აქტივისტებად და ტალინის უნივერსიტეტის ლგბტ ისტორიის კურსის მკვლევარებად. მათი ინფორმაციით, გეითემატიკას ტალინის უნივერსიტეტში შეასწავლიან „არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრატიკაშიც“, რომლის დეტალებიც თავად მაყურებელს უნდა წარმოედგინა.

რუსულენოვანი ტელევიზიით გასული რეპორტაჟის პასუხად, ზემოხსენებული კურსის ხელმძღვანელმა ესტონურ გაზეთ „პოსტიმის“ (Postimees) უთხრა, რომ სწავლების გეგმაში მართლაც არის პრაქტიკული კომპონენტი, რაც ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ინტერვიუს გულისხმობს.

წყარო : "რადიო თავისუფლება"