წულუკიანისა და თემიდას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის
წულუკიანისა და თემიდას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

A+ A-

16:22 10/12/2019

ძალიან მალე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საქმე გაიგზავნება საქართველოს წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გაოცდება ევროპა "ქართლი ოცნების“ მმართველობის პირობებში „აყვავებული, გაფურჩქნული და გალაღებული დემოკრატიითა და სამართლიანობით“.

ადვოკატი მია ზოიძე სახელმწიფოს უფლებების შელახვასა და უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. "ციანიდის საქმის“ ადვოკატი, რომელიც ადრე კერძო აღმასრულებლად მუშაობდა, მიიჩნევს, რომ იგი სახელმწიფომ „პერსონა ნონგრატად“ გამოაცხადა და ყველანაირი მეთოდებით ებრძვის.
საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა, ევროპელი მოსამართლეები და უფლებადამცველები კიდევ ერთხელ გაოცდებიან "ოცნების ხელისუფლების“ და სასამართლოს კლანის „შეხმატკბილებული“ მუშაობით საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

საქმე, პირობითი სახელწოდებით „ მია ზოიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ნათლად ასახავს, როგორ აწინაურებენ დაკვეთების კარგად შემსრულებლებლებს და როგორ ლობირებენ მათ ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები.
ეს საქმე იუსტიციის სამინისტროს და უზენაესი სასამართლოს გასაოცარი თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

როგორც მია ზოიძე "2020NEWS”-თან საუბარში აცხადებს, მისმა საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია 6 წლის განმავლობაში 2-ჯერ მოიარა და როგორც იქნა, უზენაესი სასამართლოს მომსამართლე ვასილ როინიშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაასრულა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები კერძო აღმასრულებლებს აიძულებდნენ, საკუთარი საქმიანობა მიეტოვებინათ, რადგან ისინი სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ იუსტიციის სამინისტოს დაქვემდებარებაში მყოფ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი სრულიად უსაფუძვლოდ და არგუმენტაციის გარეშე, უუქმებდნენ ლიცენზიას კერძო აღმასრულებლებს.

როგორც “2020NEWS”-ს ყოფილი კერძო აღმასრულებელი მია ზოიძე უყვება, მას არგუმენტაციის გარეშე გაუუქმეს ლიცენზია. ზოიძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა როცა საქმე უზენაეს სასამართლოში წავიდა, საქმე მთლიანად შეტრიალდა.

„დაახლოებით, 2009 წლიდან, ევროსტურქტურების მოთხოვნით, შეიქმნა კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტი, რაც იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული სამსახური. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, კერძო აღმასრულებლების შევიწროვება დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის სტატისტიკა, რომელიც ამბობდა, რომ კერძო აღმასრულებლებს ბევრად მეტი საქმე ჰქონდათ აღებული და უფრო ეფექტურად მუშაობდნენ, ვიდრე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და კერძო აღმასრულებლები სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ აღნიშნულ სამსახურს. თავად სამსახურს ვერ გააუქმებდნენ, რადგან ეს ინსტიტუტი ახალი რეფორმის ნაწილი იყო. ამიტომ დაიწყო კერძო აღმასრულებლების შევიწროება და გაუთავებელი შემოწმებები.

ჩემი პრობლემები დაიწყო 2013 წლიდან, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ გამიუქმეს ლიცენზია. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული იყო, რომ მე ლიცენზია შემიჩერდა იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად და სისტემატიურად ვარღვევდი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც არსებითი ზიანი მივაყენე საჯარო ინტერესებს. სხვა განმარტება, რა დავარღვიე და რა ზიანი მივაყენე საზოგადოებას, ჩემი ლიცენზიის გაუქმების ბრძანებაში მითითებული არ იყო.

საქმე იმაშია, რომ კერძო აღმასრულებლად მუშაობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გაურკვეველი ნომრებით მირეკავდნენ და კრიმინალური, რაღაც შავ-ბნელი ტერმინებით მესაუბრებოდნენ და მემუქრებოდნენ. ისეთი ტერმინებით მესაუბრებოდნენ, რომ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს პირები საჯარო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. პირადად დამირეკა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა, რომელიც მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი გახდა.
მიზეზი ის იყო, რომ როგორც კერძო აღმასრულებელს საქმე მქონდა სოლიდურ კომპანიებთან და გამოვიდა ისე, რომ სერიოზულ კონკურენციას ვუწევდი სახელმწიფო აღმასრულებლებს, რაც მათ არ აწყობდათ.
ამ კრიმინალური ზარების და გარჩევების შემდეგ ვიგებ, რომ გამიუქმდა კერძო აღმასრულებლის ლიცენზია, სრულიად უკანონოდ. მოგვიანებით დასაბუთებაში წავიკითხე, რომ ამ საკითხის განხილვაზე არ გამოვცხადდი, მაშინ როცა, არანაირი წერილი და შეტყობინება არ ჩამბარებია.

ჩემი შემოწმება დაიწყეს 2013 წლის მაისში და თურმე აპრილში გამაფრთხილეს კიდეც ამის შესახებ, რაც სრულიად არარეალურია.
მოკლედ, გამოსცეს ბრძანება. საქმეში მრავალი ძალიან არასერიოზული სამართლებრივი ნიუანსია. სამართლებრივი კუთხით ძალიან სასაცილო ბრძანებაა. როგორც ჩანს, ბევრი არც უფიქრიათ, რომ ბრძანება არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ, იმიტომ, რომ არასდროს, არცერთ კერძო აღმასრულებელს არ მოუგია მათთვის საქმე და სასამართლომდე არც კი მისულან.

სწორედ იმ პერიოდში ახლანდელი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე და მან მოაწერა ხელი ჩემი ლიცენზიის გაუქმების ბრძანებას. ამის შემდგომ, სარჯველაძე მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს, დაწინაურდა ნიკოლოზ აზნაურაშვილიც და გენერალური ინსპექციის უფროსი გახდა. იგი ადრე ზურაბ ადეიშვილის კადრი იყო.
მე ეს ბრძანება ბუნებრივია, გავასაჩივრე და სამართლებრივი პროცესი 6 წელი მიმდინარეობდა. წელს დაასრულეს. თავიდან პირველ და მეორე ინსტანციაში საქმე მოვიგე. იქიდან გამომდინარე, რომ უზენაეს სასამართლოს თავისი კრიტერიუმები აქვს, მხარის მიერ გასაჩივრებული საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღეს და უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ბიუროს ჩემთვის ლიცენზიის გაუქმების აქტი უნდა გაეუქმებინა. და რა ქნა აღსრულების ბიურომ? - ლიზენციის გაუქმების მეორე აქტი დამიდო.

როდესაც საქმის წარმოება მეორე წრეზე წავიდა, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში რატომღაც ვასილ როინიშვილს დაეწერა, რომელიც ადრე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ნიკოლოზ აზნაურაშვილი და მიხეილ სარჯველაძე მისი მეგობრები არიან. ყველაზე გასაოცარი ამ ამბავში ის არის, რომ როინიშვილმა ზეპირი მოსმენა არ ჩანიშნა. ჩემი არგუმენტებისთვის არც კი მოუსმენია. მან მეორე მხარეს დაუკმაყოფილა სარჩელი და აქამდე დადგენილი ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ჩუმად შეცვალა. დღემდე არ ჩამბარებია დასკვნითი აქტი.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსამართლე როინიშვილმა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთა შეასრულა და გადაწყვეტილება ისე მიიღო. სხვათაშორის, მას 10 წლიანი ვადა ამოეწურა და იუსტიციის საბჭომ ახლა კვლავ წარადგინა მისი კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად. ეტყობა ერთგულება და დაკვეთების კარგად შესრულება უნდა დაუფასონ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ საქმის განხილვის დროს ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე, გიორგი ფანცულაია „ციანიდის საქმის“ ადვოკატები არ ვიყავით. ახლა მგონი პერსონა ნონგრატად ვართ გამოცხადებულები“, - აცხადებს “2020NEWS”-თან საუბარში ადვოკატი მია ზოიძე.

აღსანიშნავია, რომ მია ზოიძემ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული საქმე შეისწავლა და მის დასკვნაში წერია:

„საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 მაისის N2143 ბრძანების კანონიერება და მიიჩნია, რომ მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
ომბუდსმენის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნა იმ გარემოემებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს რეკომენდაციით შეესწავლა ზემო აღნიშნული საკითხი და მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაიზიარა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.

მია ზოიძის თქმით, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

„მალე ეს საქმე სტრასბურგში წავა, როგორც ბევრი სხვა საქმე, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა საქართველოში. ჯერჯერობით, სარჩელი არ მომზადებულა, ვინაიდან დასკვნითი გადაწყვეტილება არ ჩამბარებია. მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ჩემამდე მოაღწევს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს წარვადგენ. 6 თვიანი ვადა მაქვს. ვიდავებ ბოლომდე, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ კანონის უზენაესობას და სამართალს“, - ამბობს მია ზოიძე.