რატომ თქვა უარი ნატოს ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა?
რატომ თქვა უარი ნატოს ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა?

A+ A-

13:47 03/12/2019

თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე არ წავიდოდა, ეს ჩვენი მხრიდან დასავლეთის წინააღმდეგ დემარში იქნებოდა. ასე აფასებს „2020NEWS “- თან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ნატოს ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დასწრებას.

 „საქართველოს არ შეეძლო, ან რატომ უნდა ეთქვა უარი ნატოს ლიდერების შეხვედრაზე? საქართველოს უარი, იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, დასავლეთის წინააღმდეგ დემარში იქნებოდა. ასეთი საქციელი კი საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლოა, საბედისწერო გამხდარიყო.  სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფორმალურად საქართველო უარს არ ამბობს  ნატოსთან და დასავლეთთან ურთიერთობაზე. სხვა არის, რეალურად რას ვუყურებთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებას ისე ეტყვიან, კანონის ფარგლებში დაბრუნდეს, რომ შეისმენს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

სააგენტოსთან საუბარისას ლაგაზიძე უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს ლიდერებთან შეხვედრაზე უარს, რამდენიმე მიზეზით ხსნის.

„უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით უცნაური რამ ხდება. შეიძლება ითქვას, დასავლეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ურთიერთგამომრიცხველია. ერთის მხრივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი აპირებს, ნატოს დაფინანსება შეუწყვიტოს და ამ ფულის ნაწილი საქართველოსა და უკრაინას მოახმაროსო, მეორეს მხრივ იგივე დასავლეთი და ნატოს წევრები და ამერიკაც მიემხრო „შტაინმაიერის ფორმულას“, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ დონეცკსა  და  ლუგანსკს,  ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვეტოს უფლება ეძლევა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური ამბები სულ უფრო გაურკვეველი ხდება, რამაც ხელი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც შეუწყო.

„ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იგორ კოლომოისკისა და ვლადიმირ ზელენსკის კავშირებზე. შეგახსენებთ კოლომოისკის გამაოგნებელ,  ათი დღის წინანდელ ინიციატივას. როდესაც მან უკრაინას მოუწოდა, ფიქრი დაეწყოთ „ახალი ვარშავის ბლოკის“ აღდგენაზე, სანაცვლოდ, რუსეთი 100 მილიარდს მოგვცემსო. შეგახსენებთ, „ვარშავის ბლოკი“,  ფაქტობრივად,  გარე საბჭოთა კავშირი იყო. შესაძლოა, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი უკრაინის გადაწყვეტილების. ჩვენ შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. უკრაინის ეს ნაბიჯი ან პროტესტია, „შტაინმაიერის ფორმულის“ მიმართ, რაშიც ეჭვი მეპარება, ან კოლომოისკისა და რუსეთის სერიოზული გავლენა უკრაინულ პოლიტიკაზე... ჩვენთვის დამაიმედებელი სიტუაცია ისაა,  რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაზე ისეთი გავლენა არ აქვს, რომ ჩვენ გავბედოთ ნატოს სამიტებზე მონაწილეობაზე უარი ვთქვათ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, 3-4 დეკემბერს, ლონდონში, ნატოს ლიდერების შეხვედრა იმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიწვიეს, თუმცა ლონდონში გამგზავრებას არ აპირებს. მის ნაცვლად, კონფერენციაში უკრაინის ელჩი მიიღებს მონაწილეობას.