რა ხდებოდა უსუფაშვილის თითების კაკუნის უკან - ვახტანგ ხმალაძე ივანიშვილის ფანდზე ალაპარაკდა
რა ხდებოდა უსუფაშვილის თითების კაკუნის უკან - ვახტანგ ხმალაძე ივანიშვილის ფანდზე ალაპარაკდა

A+ A-

16:45 18/11/2019

მმართველ პარტიას მაშინვე არ უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. სხდომებს არ ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები. ეს იცოდა ივანიშვილმაც“, - იხსენებს "შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე 2012-2016 წლების პარლამენტში, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს.

„სანამ უსუფაშვილი თითებს უკაკუნებდა კომპიუტერს და ახლაც აგრძელებს, „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა“, - ასე გამოეხმაურა „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა  მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის „თითების კაკუნზე“ ატეხილ აჟიოტაჟს. ეს აჟიოტაჟი კალაძემ ატეხა, როცა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თითი თითზე არ დაუკარებია, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

"2020NEWS" ესაუბრა "შენების მძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც 2012-2016 წლებში ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის  ხელმძღვანელი იყო და ზუსტად ახსოვს,  მაშინ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში, ვის მოსწონდა დავით უსუფაშვილის თითების კაკუნი კომპიუტერზე და ვის - არა.

- ბატონო ვახტანგ, 2012-2016 წლების პარლამენტში თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კანონპროექტის მომზადების პროცესში. უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ  კომისიის სხდომებს, სადაც პროპორციულ სისტემაზე მიდიოდა მუშაობა?

- მე ვიყავი ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. ამ ჯგუფში მიმდინარეობდა სახელისუფლებო შტოების - პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო მოდელებისა და სხვა საკითხების განხილვა.  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  შედიოდნენ, როგორც "ქართული ოცნების“  კოალიციაში შემავალი პარტიების, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.  რა თქმა უნდა, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ჯგუფის შემადგენლობა დიდი იყო. პირველი და  მეორე სხდომის გარდა, შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრაქტიკულად არ ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის სხდომებს.  ქვორუმიც კი  ვერ იკრიბებოდა, რომ სამუშაო ჯგუფს რაიმე გადაწყვეტილება მიეღო.

ვინც ვიკრიბებოდით, ვმსჯელობდით, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდით.

- პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თუ იყო საქმის კურსში?

- ამის საქმის კურსში იყო ყველა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  მედიის წარმომადგენლები ხედავდნენ ამ ყველაფერს და ბუნებრივია, ღიად იყო საუბარი.  ასეთივე ვითარება იყო სხვა სამუშაო ჯგუფებშიც. ანუ, სრულიად აშკარა იყო „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება  კონსტიტუციური ცვლილებების მიმართ. უბრალოდ, მათ არ უნდოდათ ამ ცვლილებების მიღება.

ისე, გეტყვით იმასაც, რომ შემდგომ უკვე,  ერთპარტიულმა უმრავლესობამ 2017-ში რა ცვლილებებიც შეიტანა  კანონში, მთელი რიგი  ამ ცვლილებისა გახლდათ  ის, რაც მაშინ მომზადდა სამუშაო ჯგუფში. მომზადდა მთელი რიგი მსჯელობების საფუძველზე, ოღონდ მსჯელობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. 

მე, პირადად შევადგინე  დოკუმენტი, თუ როგორი ცვლილებები უნდა მომხდარიყო და გადავეცი კოალიციის საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს. იმსჯელეთ და გააკეთეთ-მეთქი. თუმცა, მაშინ ჩვენი მცდელობა  უშედეგოდ დამთავრდა.

- ანუ, 2017 წელს, კობახიძის თავმჯდომარეობის დროს, თქვენი მომზადებული წინადადებები  გაითვალისწინეს?

- თავიდან, 2017 წლის  პროექტი სხვაგვარად იყო წარმოდგენილი. რაც პარლამენტმა  საბოლოოდ მიიღო, ის პროექტი არსებითად განსხვავებულია იმისგან, რაც თავიდან იყო წარმოდგენილი. საბოლოო ვარიანტში ძალიან ბევრი ჩემი წინადადება იყო გათვალისწინებული. საბედნიეროდ, იმ ცვლილებებს მაშინ მხარი თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.

- თუმცა, ეს იყო მინიმალური ცვლილება, რაც უნდა ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილი თუ იყო საქმის კურსში, რომ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მობილიზება ვერ ხერხდებოდა?

- ყველა იყო საქმის კურსში. არა მარტო ივანიშვილი. ამის შესახებ ბევრჯერ ხმამაღლა ვთქვით პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისია ვერ მუშაობს გაცდენების გამო, ქვორუმი ვერ დგება და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს.

- თუ  სამუშაო პროცესი ასეთი გართულებული იყო  „ქართული ოცნების“ წევრების გამო, კახა კალაძის დღევანდელ შტურმს დავით უსუფაშვილზე როგორ შეაფასებდით?  ტყუილი თქვა?

- ან კახა კალაძემ არ იცოდა რა ხდებოდა, მაშინ ვერ ვიტყვი რომ ტყუილია, მაგრამ კეთილი უნდა ენება და გაეგო, მერე ეთქვა. და თუ მან იცოდა, რა ხდებოდა მაშინ სამუშაო ჯგუფებში, წესით, უნდა სცოდნოდა, რაც ხდებოდა, მაშინ ტყუილი თქვა ახლა. იმ დროს ის მინისტრი გახლდათ და პარლამენტში გაკეთებული  ხმამაღალი განცხადებების შესახებ, ხომ უნდა სცოდნოდა?!

- გამოდის, 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ მომდევნო მოვლენები რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება პროპორციულ სისტემას არც დათანხმდებოდა?

- ჰო, მაგრამ ახლა რა სურათი იკვეთება? ის, რომ  ეს არ იყო ხელისუფლების თანხმობა. ეს იყო ხელისუფლების ფანდი, რომ დაეწია დაპირისპირების ტემპერატურა. ტემპერატურამ მართლაც დაიწია. ანუ ეს იყო მხოლოდ ფანდი და არა რეალური სურვილი, რომ ქვეყანა გადასულიყო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე.