ისინი თუ არეკლამებენ სიკვდილს, ჩვენ გავარეკლამებთ სიცოცხლეს - ყოფილი ლუდომანი
ისინი თუ არეკლამებენ სიკვდილს, ჩვენ გავარეკლამებთ სიცოცხლეს - ყოფილი ლუდომანი

A+ A-

17:50 06/11/2019

ყოფილი ლუდომანისტი, 32 წლის ზურა მორჩიაშილი 18 წელი იყო ჩართული აზარტულ თამაშებში. ზურას აზარტულ თამაშებთან პირველი შეხება 13 წლის ასაკში ჰქონდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კაზინოს სიყვარულიც. წლებთან ერთად ხვდებოდა, რომ კარგავდა ყველაფერს. სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, რამდენჯერმე... მაგრამ  შემდეგ მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირს და ის დღეს უკვე ყოფილი ლუდომანისტია. დაარსა ორგანიზაცია “არა თამაშს“ და ახლა თანამოაზრეებთან ერთად იბრძვის აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

“2020NEWS“ ზურა მორჩიაშვილს ესაუბრა:

- ზურა, რამდენი წლის იყავით, აზარტულ თამაშებში რომ ჩაებით?

- პირველად 13 წლის ასაკში შევეხე აზარტულ თამაშებს და ჩემი დაავადებაც იქიდან დაიწყო. თავიდან ყველას გართობა ჰგონია. ყველა ფიქრობს, რომ რაღაც დროის შემდეგ შეეშვება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ის ნელ-ნელა გეხება, არ ხდება ერთიანად და ვერ ხვდები, როგორ მიდიხარ დამღუპველ გზაზე. ადამიანი ამას მაშინ აცნობიერებს, როდესაც უკვე თამაშდამოკიდებული ხდება. ძნელია, ამ სენს აჯობო. ამ ყველაფერს ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებით გეუბნებით. ლუდომანიას არცერთი ტაბლეტი და ვერცერთი ფსიქოთერაპევტი შველის. ამას საკუთარ თავთან ბრძოლა და ადამიანების გაერთიანება შველის მხოლოდ. ზუსტად ასეთი ადამიანები გავვერთიანდით და შევქმენით ორგანიზაცია “არ ითამაშო“.

- რას გულისხმობთ ამ ფრაზაში და რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი?

- “არ ითამაშოში“ ვიგულისხმეთ ის, რომ პირველ რიგში, სიცოცხლით თამაშს უნდა დაანებონ თავი. ვგულისხობ მოთამაშეებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც დღეს სათამაშო ბიზნესის ბერკეტი უჭირავს და შეუძლია, შეაჩეროს სიცოცხლესთან თამაში. ადამიანებს ვეუბნებით, მათი სიამოვნების გამო ჩვენ ვიხოცებით და უნდა შეიზღუდონ თავიანთი სიამოვნება, თუკი აღიარებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მთავარი ღირებულებაა. შეიზღუდონ ეს სიამოვნება და ჩვენ გადაგვარჩინონ. დღეს ყველა რეკლამაში გვეუბნებიან - “ვითამაშოთ“, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ: “არ ითამაშო“. ჩვენ ვამბობთ, რომ ამას სიკვდილი მოსდევს. შესაბამისად სრული უფლება გვაქვს, ისინი თუ არეკლამებენ სიკვდილს, ჩვენ გავარეკლამოთ სიცოცხლე.

- ზურა, როდესაც 13 წლის ასაკში თამაში დაიწყეთ, თქვენზე რეკლამამ მოახდინა ზეგავლენა ?

- 32 წლის ვარ. თამაში 13 წლისამ დავიწყე. ამ დროს რეკლამები საერთოდ არ იყო.

- მაშინ რამ განაპირობა თქვენი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება?

- რამ განაპირობა? ქვეყანაში გაჭირვება და უბედურება რომ იყო, ყველა ქუჩაში რომ ვიდექით, დავინახეთ, ლამაზ ფერებში განათებული სლოტკლუბები, სადაც შუქიც იყო და თან შეიძლებოდა, ფულიც მოგეგო. ამან განაპირობა და ამან ჩაგვითრია. თუმცა, პრეტენზია დღეს იცით, ვის მიმართ გვაქვს? იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ხელში ბერკეტი ეჭირათ და გაიძახოდნენ, ქვეყანა გვიყვარსო. ამ ადამიანების მიმართ გვაქვს პრეტენზია, რომ გაწვდილ ხელზე დახმარება არ გაგვიწიეს. წაქცეულ ადამიანს გაწვდილი ხელი სჭირდება, რომ წამოდგეს და გადარჩეს.

დღეს, ქვეყანაში, გულგრილობის ვირუსია, ზუსტად ამან განაპირობა, ამ დღეში რომ ვართ. თქვენ გგონიათ, სანდრო პირველი იყო, ან უკანასკნელი იქნება? არანაირად! ჰაერიდან მოტანილ აზრებს არ გეუბნებით. ბავშობის მეგობრებისთვის მიწა მაქვს დაყრილი. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია ჩვენი ძმების სულის საპატივცემულოდაც იბრძვის. ჩვენი დედების დაღვრილი ცრემლებისთვის ვიბრძვით და იმისთვის ვიბრძვით, ჩვენ რა გზაც გავიარეთ, სხვებიც იგივე გზაზე არ წავიდნენ. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც იგივე გზა გაიარონ.

სამწუხაროდ, ბოროტებასთან გვაქვს საქმე და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ გავაკეთეთ ეს ორგანიზაცია. თქვენ გგონიათ, ჩვენ ცოცხლები ვართ? ცოცხალ-მკვდრები დავიარებით, რადგან მთელი ცხოვრება წაიღეს.

ჩვენ ფულზე პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ცხოვრება წაგვართვეს. ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავუბრუნოთ ის ბიჭები, რომლებსაც ბოქლომები ადევთ. მათ, ამ აზრტული თამაშების ახალ-ახალი ფილიალების გახსნით, უფრო და უფრო მეტ ბოქლომს ადებენ. ამიტომ, გვინდა, გადავარჩინოთ ეს ბიჭები. სიცოცხლე გვიდევს საპირწონედ. ამას თუ არ ვაჯობეთ, დავიღუპებით. პირდაპირ გეუბნებით, ერი განადგურდება. ჩვენი შვილები ან მოთამაშეებს გაყვებიან ცოლად, ან - ნარკომანებს. დღეს ვისაც ბერკეტი აქვს, იმანაც არ იცის, რომ თავისი შვილებისთვის მოაქვს ზიანი. აზარტულმა თამაშებმა სოციალური ფენა არ იცის. არ იცის, ვინ პროფესორის შვილია, ვინ კიდევ - მუშის.

- თუმცა, ზურა, არიან ორგანიზაციები, ასევე პარლამენტის წევრები, რომლებიც ითხოვენ აზარტული თამაშების აკრძალვას...

- პრიორიტეტებს რომ ვერ ვალაგებდით, სწორედ ამიტომ ვთამაშობდით. დღეს, რომ პრიორიტეტები დავალაგეთ, ამიტომ ვართ მებრძოლები. ამ საკითხს დრო და დრო ვიღაცეები ეხებოდნენ, მაგრამ ჩვენი მათი სუფთა ხმა არ გაგვიგია. თუ სადმე შედეგი დაიდება, ჩვენი ორგანიზაციის სახელი უნდა ჩაიწეროს და ყველა იმ ოჯახის სახელი, ვისზეც ამ ტრაგედიამ გადაიარა.

დღეს, პოლიტიკურ ქულებს იწერენ და ვიღაცეებს “აგოიმებენ“. ჩვენ აღარ “დავგოიმდებით“. კარგად ვიცით, რა სურვილები გააჩნიათ. ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს, “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“-ის პრეზიდენტი რომ არის. მან და მისმა თანამოაზრეებმა მიგვიყვანეს დღევანდელ დღემდე. კოალიცებს რომ ქმნიდნენ და ერთმანეთის ბიზნესებს მფარველობდნენ, ამის გამო ვართ ასეთ დღეში.

ჩვენ ჩვენი ჯიბის ფულით შევძელით ჩვენი ორგანიზაციის დაარსება და შემდეგ სტიკერების დაბეჭვდა. ქალბატონ თამარს არ შეეძლო თავისი ფულით დახმარება? ნახეთ ჟურნალისტებმა, რა დაფინანსება და რა გრანტები აქვს მიღებული. აქციებს რომ აწყობენ, საინტერესოა, თანხები საიდან და როგორ გადმოირიცხა. ფული თუ აქვთ, ამ ბიჭების რეაბილიტაციას მოახმარონ.

ჩვენ მოთამაშეები დებილები ვეგონეთ. ეგონათ, რომ ვერ ვაზროვნებდით. როგორ ფიქრობთ, მე ვერ ვაზროვნებ და დალაგებულად ვერ გელაპარაკებით? 18 წელი ვთამაშობდი და არცერთი პოლიტიკოსი არ ვიცოდი. ახლა უკვე ვიცი, ვინ არიან ანა დოლიძე და თამარ ჯაფარიძე.

მე ვარ ზურა მორჩიაშვილი, რომელმაც დაავარსე ორგანიზაცია და გვერდით მიდგანან მეგობრები, ნაცნობები-თუ უცნობები, მოთამაშეები. პირობას გაძლევთ, რომ მალე ქვეყანა აღარ ითამაშებს, რადგან სიცოცხლე უნდა დავარეკლამოთ.

შეხვედრისას ანა დოლიძესაც ვუთხარი, რომ მოდით ჯერ ჩვენთან და გაგვესაუბრეთ, რადგან ჩვენ ვიცით ის ტკივილი, რომელიც აზარტულ თამაშებს მოსდევს ორგანიზაციამ “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, რომელმაც ანა დოლიძე და ფსიქოთერაპეტები შეკრიბა, არ იცის პრობლემა, ჩვენ ვიცით.

- სუიციდი ახსენეთ და თვითმკვლელობის მცდელობა თუ გქონიათ?

- ყველა მოთამაშეს ჰქონია და მათ შორის მეც. მეც დამიტოებია წერილები.

- საინტერესოა, როგორ შეძელით 18 წლიანი ლუდომანიის დაძლევა?

- 18 წლის განმავლობაში უამრავ თერაპეტთან ვარ ნამყოფი. უამრავი ტაბლეტი მაქვს დალეული. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო. 27 სექტემბერს მკვდარი უნდა ვყოფილიყავი. მე რომ მომკვდარიყავი, ჩემს შვილებს არ ეცოდინებოდათ, რას უნდა ებრძოლონ ცხოვრებაში და რას უნდა შეეწინააღმდეგონ. ზუსტად ამან დამანახა, რომ სიკვდილის აღარ მეშინია.

რეკლამაზე რომ ბოდიალობენ, რომ თურმე მარტო რეკლამები უნდა აიკრძალოს. ამას იცით, რატომ ბოდიალობენ? ზუსტად იციან, რომ უკან უნდა დაიხიონ. ჩვენი მიზანი მარტო რეკლამების კი არა, არამედ მთლიანად აზარტული თამაშების აკრძალვაა. თუმცა, ამისთვის ფონია მოსამზადებელი. ჩვენ ვიცით, რომ აზარტულ თამაშებზე უამრავი ადამიანია დამოკიდებული და, ისიც ვიცით, რომ თუ უცებ აიკრძალება, არც ეს იქნება კარგი.

- ანუ, თვლით, რომ სრულმა აკრძალვამ შეიძლება, ამ ადამიანებში “ლომკა“ გამოიწვიოს?

-  რა თქმა უნდა, “ლომკა“ ექნებათ. აზარტული თამაშების საწინააღმდეგო რეკლამებით ცნობიერება უნდა ავამაღლოთ და ნელ-ნელა გადავეწყობით ჯანსაღ ცხოვრებაზე. დღეს, ჩემი მეგობრები ვაგონში ცხოვრობენ, სახლები აღარ აქვთ. თუმცა, ეს ადამიანები ჩემთან ერთად იბრძვიან ამ საშინელი სენის ამოსაძირკვად. არიან ბიჭები, რომლებსაც სახლები არ აქვთ და ღამეს სწორედ კაზინოში ათენებენ. აბა, მიდით, იმათ ჰკითხეთ, როგორ არიან? თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი არ მუშაობდნენ? ან მანქანა არ ჰყავდათ? და ა.შ. ყველაფერიც ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც ამ სენით დაავადნენ, ყველაფერი დაკარგეს, დახმარების ხელი აღარავინ გაუწოდათ. ერთს გეტყვით კიდევ, ყველა მოთამაშეს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. აბა, როგორია, კაზინოში მანქანით მიხვიდე და შემდეგ უმანქანოდ წამოხვიდე - ამას იუმირთ თუ არ შეხედე, სხვანაირად ვერ შეხედავ.

რამდენი ხანია, რაც თქვენი ორგანიზაცია დააფუძნეთ და რამდენი ლუდომანიაა გაწევრიანებული?

- ახალი დაფუძნებულია. სექტემბერში დავაარსეთ. რაც შეეხება ორგანიზაციის წევრებს, ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს და გაიძახის, გვერდში დაგვიდექითო. ჩვენ ხალხს სიტყვით ვუხსნით ყველაფერს და ჩვენ სიტყვით ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვეუბნებით - “ჩვენ თქვენს გვერდშით ვართ“. ძალიან ბევრნი ვართ.

- ზურა, ჩვენ ვხედავთ კაზინოების რეკლამებს, თქვენ აკეთებთ ანტირეკლამას. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ თქვენი ორგანიზაციის და კიდევ სხვების მოთხოვნაც გაითვალისწინა და აკრძალა აზარტული თამაშები, როგორ ფიქორობთ, არ მივალთ იმ ფაქტამდე, რომ საქართველოში იატაქვეშეთის კაზინოები გაჩნდება? იატაქვეშეთის კაზინო კი უფრო საშიშია და შეიძლება, უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩაგვაყენოს მთელი საზოგადოება?

- ჩვენ ამ იატაკქვეშეთშიც ვთამაშობდით. ყველა ხელისფლების დროს ვითამაშე, დაწყებული შევარდნაძით, დამთავრებული დღევანდელი ხელისუფლებით. აი, რომ არ შეიქმნას იატაქვეშეთის კაზინოები, ჩვენ ყოფილმა მოთამაშეებმა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რადგან ჩვენ ვიცით ლუდომანისტების ენა. ჩვენ ვიზრუნებთ ყოფილი მოთამაშეების საზოგადოებაში ინტეგრაციაზეც.

- თქვენს ორგანიზაციაში რამდენი ადამიანია განკურნებული?

- ძალიან ბევრი, ვინც ჩემს გარშემო არიან.