შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძის კითხვებს ბოიკოტი გამოუცხადა
შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძის კითხვებს ბოიკოტი გამოუცხადა

A+ A-

21:08 09/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის კითხვებს ბოიკოტი გამოუცხადა. მან კოალიცია არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.

ამასთან შალვა თადუმაძის განცხადებით, კოალიციის მიზანი პოლიტიკური იყო, როდესაც მის განათლებაზე საუბრობდნენ.

„თქვენ ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ და ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ არაკვალიფიციურები. მაგრამ თუ კანონი წაიკითხეთ და გაიგეთ და შემდეგ ჩემს განათლებასთან დაკავშირებით ის კომენტარები აკეთეთ. ვფიქრობ, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია კოალიციის მხრიდან. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომელსაც ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია გააჩნიათ, მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩემი კეთილსინდისიერება შეამოწმოთ. ამ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანი ვართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ვასრულებთ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ვახორციელებთ. თქვენ დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ, და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, მე არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“, - მიმართა შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძეს.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.