ზურაბ აბაშიძის დონის დიპლომატი ლავროვის მე-15 მოადგილე კარასინს არ უნდა ხვდებოდეს - სოსო ცინცაძე
ზურაბ აბაშიძის დონის დიპლომატი ლავროვის მე-15 მოადგილე კარასინს არ უნდა ხვდებოდეს - სოსო ცინცაძე

A+ A-

14:52 28/02/2019

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე  აცხადებს, რომ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მუქარის ტონის არ უნდა შეგვეშინდეს და პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.

"2020NEWS“-თან საუბარში ცინცაძე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობს.

"კარასინის მუქარის ტონი არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ უკვე იმუნიტეტი უნდა გვქონდეს გამომუშავებული ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით.  პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ და დიდი თვალებით არ უნდა  დავუწყოთ ყურება რუსეთს, არიქა ხვალ და ზეგ შემოგვესევა და თავს დაგვესხმება. რასაკვირველია,  არც  კარასინის ნათქვამის იგნორირება უნდა მოვახდინოთ.  პირველ რიგში, მუქარაზე რეაგირება უნდა მოახდინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

პრობლემა იმაში არ არის კარასინმა რა თქვა და ჩვენი რეაგირება როგორია. პრობლემა იმაშია, რომ წლები გადის და ეს ფორმატი - აბაშიძე-კარასინის ფორმატს ვგულისხმობ,  არ იცვლება“, - აცხადებს ცინცაძე.

ცინცაძის თქმით, გაუგებარია, რატომ შეხვდა პრაღაში გამგზავრებამდე ზურაბ აბაშიძეს ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ამ ტიპის კონსულტაციები  ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობაში შედის და არა მმართელი პარტიის თავმჯდომარის კომპეტენციაში.

"ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ყავის ნალექზე დასკვნების კეთება და მკითხაობა. ზურაბ აბაშიძე ყოველი შეხვედრის წინ არ ხვდება ივანიშვილს. მით უფრო იმ დღეს, ივანიშვილს ჰქონდა გაცილებით მნიშვნელოვანი  გეგმები. უნდა შეხვედროდა პარლამენტის ხელმძღვანელობას და მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი. მეორე დღეს "თიბისი ბანკის“ საქმის განხილვა უნდა შემდგარიყო, მაშინ მთავარი იყო რომან კაკულიასთან შეხვედრა, მაგრამ ივანიშვილმა  მაინც გამონახა დრო და შეხვდა აბაშიძეს, ეს თავისთავად რაღაცაზე მიგვანიშნებს. 

რა უწერია ზურაბს თავის თანამდებობაში? - ის არის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია და არა მმართველი პარტიის ხელმძღვანელის. ამ ფორმატით კარასინს, თუ არ ვცდები, 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაშინ როდესაც შეხვედრის წინ ინსტრუქციებს ღებულობდა მოქმედი პრემიერისაგან, ეს იყო ხან კვირიკაშვილი, ხან ღარიბაშვილი და ხან ბახტაძე. ახლა შეხვდა ივანიშვილს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ რაღაც სიახლესთან გვაქვს საქმე, მაგრამ რა სიახლეა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ. ზურაბ აბაშიძე დიპლომატია და დეტალებს თქვენ, ჟურნალისტები ვერ დააცდენინებთ. ამაზე მას უკვე აქვს დავარცხნილი და სტანდარტული პასუხი. 

 ჩვენ  ელემენტარულად გვიწევს მხოლოდ ლოდინი და შემდეგ მომხდარ ფაქტებზე კომენტარები, შეშფოთება და აღშფოთება. ოპოზიცია ამბობს,  რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, მაგრამ მათ ერთხელაც არ უთქვამთ, ისინი რომ იყვნენ  მთავრობაში, რას გააკეთებდნენ“,-  აცხადებს ცინცაძე.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ კარასინმა (ოფიციალურმა რუსეთამ) მუქარის ტონი შეცვალოს, ცინცაძე პასუხობს, რომ ზურაბ აბაშიძის ფუნქციები უნდა გაიზარდოს.

"ზურაბ აბაშიძის ფუნქციები უნდა გაიზარდოს, თუ კლასიკური დიპლომატიის ჭრილში ვსაუბრობთ. აბაშიძესთან დაახლოებით 50 წელია ვმეგობრობ და ვიცი მისი კვალიფიკაცია. მენანება ასეთი კვალიფიკაციის და დიპლომატიურ რესურს რომ ვკარგავთ წინასწარ განწირულ შეხვედრებზე. 15-20 წუთიანი შეხვედრა არაფრის მომცემია. ჯერ ერთი, თვითონ კარასინი არ არის ის დონე, ვისაც აბაშიძე უნდა ხვდებოდეს. აბაშიძე არის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩის დონეა, კარასინი კი არის საპენსიოდ გამზადებული ლავროვის მეთხუტმეტე მოადგილე. არ არის კარასინი ის ფიგურა, ვისაც აბაშიძე უნდა ხვდებოდეს.  მაშინ როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, აბაშიძე პრაქტიკულად ელჩია. საგანგებო დავალებათა ელჩი, ხომ არის ასეთი თანამდებობა, რომელსაც ხშირად ფორმალურად არსებულ ელჩზე უფრო მეტი ფუქციები აქვს. ამავე დროს, არის კიდევ მეორე ჟენევის ფორმატი, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, რომ განწირული და არაფექტურია,  მაგრამ იმედი გვაქვს, რომ არც ერთი მხარე ამ ფორმატიდან არ გამოვა და სწორიც არის, არც უნდა გამოვიდეთ. წინასწარ ვიცით, რომ ჟენევის ფორმატი არაფრის მომცემია, მაგრამ ჩვენ ის პირველებმა არ უნდა მივატოვოთ“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ჩანაფიქრშივე დაშვებული იქნა შეცდომა, როდესაც ივანიშვილმა პრინციპულად არ დააყენა საკითხი,  რომ რუსებსაც წონიანი წარმომადგენელი ჰყოლოდა შეხვედრაზე და არა ლავროვის მეთხუტმეტე წარმომადგენელი, რომელსაც ხუთი-ექვსი ფუნქცია აქვს და კიდევ ერთი დაემატა.

დღეს ყველა მკვდარ კატას აბაშიძეს კიდებენ კისერზე, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა. მას ფუნქცია არ აქვს. ეს იგივეა, შევარდენს რომ ფრთები დააჭრათ და საფრენად გაუშვათ. ზურა მეცოდება კიდეც, რადგან ფრთებდაჭრილი შევარდენივითაა“, - აცხადებს ცინცაძე.

შეგახსენებთ, გუშინ პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

"მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა კარასინმა შეხვედრის შემდეგ.

რუს  დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.